Mom, dad we need to talk


იმ მომენტში, როდესაც ზრდასრული ადამიანი თავის პრობლემაში "იჭედება", საუკეთესო გამოსავალი ხშირად წარსულთან მიბრუნებაა და წარსულში ბავშვობა იგულისხმება, რადგან ის, რასაც მიჯაჭვულობით მოვიხსენიებთ, ჯერ კიდევ მაშინ ყალიბდება, როდესაც ბავშვი ოთახში დახოხავს და ის მთელი სამყარო ჰგონია.

“Young children, who for whatever reason are deprived of the continuous care and attention of a mother or a substitute-mother, are not only temporarily disturbed by such deprivation, but may in some cases suffer long-term effects which persist”. John Bowlby.

იმის გასაგებად, თუ რატომ არის ადრეული ბავშვობის გამოცდილება ასეთი მნიშვნელოვანი, საკმარისია, ვთქვათ, რომ მოზრდილ ინდივიდს სოციალური ურთიერთობებისა და ემოციური რეაგირების პატერნი (მისებური სტილი) სწორედ ბავშვობაში უყალიბდება და ამაზე სამი ფაქტორი ახდენს გავლენას.

1. საფრთხეებისგან თავის დასაცავად ჩვილს აუცილებლად სჭირდება მასზე მზრუნველი ინდივიდი, ამიტომაც ასეთ ადამიანთან კონტაქტის დამყარებისა და მისთვის საკუთარი საჭიროებების შეტყობინების სურვილი ჩვილში თანდაყოლილია. 

2. იმის მიხედვით, თუ რამდენად მხარდამჭერია ბავშვზე მზრუნველი ინდივიდი, რამდენად რეაგირებს მის საჭიროებებზე, ბავშვს უყალიბდება მოლოდინი ადამიანების და ახალი ურთიერთობების მიმართ და იგივე მოლოდინები შესაძლოა ჰქონდეს უკვე ზრდასრულ ასაკშიც.

3. იმ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომლებთანაც ბავშვს პირველი შეხება აქვს, ღრმა კვალს ტოვებს  მასზე და აყალიბებს თვითღირებულების სისტემას (worthiness of the self), რომელიც შემდგომში გენერალიზდება ნებისმიერ ახალ ურთიერთობაზე.

სწორედ ეს თვითღირებულების სისტემა "გვჭედავს" ხოლმე მოზრდილობაში და გავიგებთ რატომაც.

მიჯაჭვულობის თეორია, რომელიც პირველად გასული საუკუნის შუა წლებში წარმოგვიდგინა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ჯონ ბოულბიმ, განმარტავს, რომ პიროვნების ადრეული განვითარების პერიოდში დამყარებული ურთიერთობის პატერნი - ე.წ. მიჯაჭვულობის სტილი, განსაკუთრებით საკუთარ მშობლებთან, აყალიბებს მისი შემდგომი ურთიერთობის სტილს სხვა ადამიანებთან. 

Bowlby მიჯაჭვულობის სამ ძირითად სტილს გამოყოფს:

I. უსაფრთხო/სანდო მიჯაჭვულობა

უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები დარწმუნებულები არიან საკუთარ ღირებულებაში და თვლიან, რომ ისინი იმსახურებენ მზრუნველობას, თანადგომასა და სიმპათიას სხვების მხრიდან. ამავე დროს, სხვა ადამიანებს აღიქვამენ როგორც მიმღებ, სანდო და კეთილი განზრახვის მქონედ, ურთიერთობების მიმართ აქვთ ნდობა და ინტიმურობის განცდა. 

II. განრიდებული 

განრიდებული მიჯაჭვულობის სტილის მქონე ადამიანებს ეჭვი ეპარებათ საკუთარ ღირებულებაში და გამოირჩევიან სხვებისადმი უნდობლობით, რის დასაძლევადაც ცდილობენ ადამიანებთან სიახლოვისგან შეიკავონ თავი. ასეთი მოზრდილი მიდრეკილია უარყოს ემოციური მხარდაჭერის მოთხოვნილება და უნდობლად არის განწყობილი სხვების მიმართ, ამიტომ ბლოკავს საკუთარ თავს ინტიმური ურთიერთობების დამყარებისგან.

III. არასტაბილური/შფოთვითი მიჯაჭვულობა

შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილის მქონე ადამიანები არ არიან დარწმუნებული საკუთარ ღირებულებაში, მუდმივად აქვთ უარყოფის, მიტოვების შიში და სჭირდებათ მხარდაჭერა. ეს ადამიანები ნეგატიურად არიან განწყობილი საკუთარი თავის მიმართ, თუმცა მათზე მზრუნველი პირების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. ურთიერთობებში მათ ხშირად აქვთ მიტოვების შიში, ჰიპერდაძაბულები და ეჭვიანები არიან.


მიჯაჭვულობა ჩვენი ცხოვრების ადრეულ წლებში ყალიბდება, მაშინ, როდესაც ძალიან პატარები ვართ იმისთვის, რომ საკუთარ შფოთვებზე ვისაუბროთ, შედეგად კი შესაძლოა მწვავე სტრესს განვიცდიდეთ. მოგვიანებით, ჩვენი ადრენალური ჯირკვლები, რომლებიც თირკმლებზე არიან განთავსებული, იწყებენ სტრესის ჰორმონების - ადრენალინისა და კორტიზოლის გამოყოფას, გულისცემა ხშირდება, წნევა იმატებს და ჩვენ ვიწყებთ ამ მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევას. თუ ასეთ მდგომარეობაში ხშირად ვიმყოფებით, მაშინ ტოქსიკურ სტრესთან გვაქვს საქმე. ტოქსიკურია იმიტომ, რომ აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას და ასუსტებს მის იმუნურ სისტემას. 

რას გვეუბნებიან კვლევები მიჯაჭვულობის გავლენაზე?

ლაბორატორიულ პირობებში, უცხო სიტუაციის სიმულირებით, მიჯაჭვულობის სტილის დადგენა უკვე ერთი წლის ბავშვშიც კი არის შესაძლებელი. ამისათვის ბავშვს საშუალებას აძლევენ რამდენიმე წუთის განმავლობაში ითამაშოს საკუთარ დედასთან, ცალკე გამოყოფილ ოთახში. შემდეგ დედა გადის ოთახიდან და ბავშვს ტოვებს. ოთახში დაბრუნებული დედის დანახვაზე ბავშვის პირველი რეაქცია არის გადამწყვეტი მომენტი. უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი პირველ რიგში ეხუტება ოთახში დაბრუნებულ დედას, ნელ-ნელა მშვიდდება და შემდეგ თამაშს უბრუნდება. არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს შესაძლოა ამბივალენტური ან განრიდების რეაქცია ჰქონდეთ: ზოგიერთი დიდხანს ვერ წყვეტს ტირილს ან უარს ამბობს თამაშის გაგრძელებაზე.


ადრეულ წლებში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის გრძელვადიანი გავლენა ჩვენს შემდგომ ცხოვრებაზე საფუძვლიანად არის შესწავლილი. მიჯაჭვულობის თეორიაზე დაფუძნებით,  მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებს შეეძლოთ 3 წლის ბავშვების შემთხვევაშიც კი 77% სიზუსტით ევარაუდათ გამოაგდებდნენ თუ არა მათ კოლეჯიდან. ერთ-ერთ კვლევაში ჰარვარდის კურსდამთავრებულებს სთხოვდნენ შეეფასებინათ რამდენად ახლოს იყვნენ საკუთარ მშობლებთან. 35 წლის შემდეგ იგივე პირებს სთხოვდნენ მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.  იმ პირების 91%-ს რომელთაც თქვეს, რომ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ საკუთარ დედასთან, აღმოაჩნდათ ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია და ალკოჰოლიზმი. იმ პირების მხოლოდ 41%-ს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა, რომელთაც თბილი ურთიერთობა ჰქონდათ მშობლებთან.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვის განვითარების ადრეული წლები. ეს მიზეზი თანმდევი ქცევების ჩამოყალიბებაა. 2 წლის ბავშვი, რომელსაც სანდო მიჯაჭვულობა აქვს, ადვილად იძენს მეგობრებს ბაღში, ის სამყაროს შეიმეცნებს თითოეული ინტერაქციით, ოპტიმისტურია, შედეგად მას არ უჭირს ურთიერთობების დამყარება სკოლაში, კოლეჯში და შემდგომ უკვე სამსახურში. არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებმა შეიძლება საერთოდ გამოტოვონ ეს შესაძლებლობები.

მიჯაჭვულობის თეორიის ფუძემდებელმა, ჯონ ბოულბიმ თქვა: „რისი გამხელაც არ შეგიძლია დედისთვის, ასევე არ შეგიძლია საკუთარი თავისთვის“. სხვა სიტყვებით: არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს შესაძლოა ნაკლებად ესმოდეთ საკუთარი თავის, ამიტომ იმის გასაგებად თუ ვინ არიან ისინი და რას გრძნობენ, შესაძლოა შორეულ წარსულთან მოუწიოთ მიბრუნება.

მიჯაჭვულობის სტილის გავლენა სამსახურებრივ ურთიერთობებზე

წლების განმავლობაში, მიჯაჭვულობის თეორია გამოიყენებოდა იმის საკვლევად თუ რა გავლენას ახდენს ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის ტიპი მოზრდილის რომანტიკულ ურთიერთობებზე და გასაკვირი არაა, რომ არასანდო მიჯაჭვულობის ორივე ზემოხსენებული ტიპი (შფოთვითი და განრიდებული) დაკავშირებულია მოზრდილობაში ნაკლებად წარმატებულ რომანტიკულ ურთიერთობებთან.  დღეისათვის, სულ უფრო მეტი  ორგანიზაციული ფსიქოლოგი იყენებს მიჯაჭვულობის თეორიას დასაქმებულის ქცევის ასახსნელად და არსებობს ბოლო წლებში ჩატარებული ბევრი კვლევის შედეგი ამ მიმართულებით.

მიჯაჭვულობის სტილმა ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება მოახდინოს გავლენა თქვენს ქცევაზე სამსახურში. მაგალითად, თუ თქვენ შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპი ჩამოგიყალიბდათ ბავშვობაში, შესაძლოა განსაკუთრებით გეშინოდეთ უარყოფის თუ რაიმეს გააფუჭებთ სამსახურში. თუ თქვენ გაქვთ განრიდებული მიჯაჭვულობის ტიპი, ნაკლებად ენდობით თქვენს მენეჯერსა თუ კოლეგებს. ეს ღრმა ფესვების მქონე ფსიქოლოგიური პროცესი გავლენას ახდენს ხელმძღვანელებზეც - მათ, ვისაც უსაფრთხო მიჯაჭვულობის სტილი აქვს, არ უჭირთ დელეგირება.

ზემოხსენებული კავშირები გამყარებულია ადამიანთა რეალური ისტორიებით. საბრინა ელისი, 32 წლის ორგანიზაციული ფსიქოლოგი იხსენებს ვერბალურ და ფიზიკურ ძალადობას მის მშობლებს, მოგვიანებით კი დედამისსა და მამინაცვალს შორის. „როცა გავიზარდე, ერთი ზრდასრული ოჯახის წევრიც კი არ მყავდა, ვის მიმართაც ნდობა მექნებოდა, ამიტომ უკვე ახალგაზრდა ქალს, ისეთი განცდა მქონდა, რომ საკუთარი თავი უნდა დამეცვა“. საბრინა დარწმუნებულია, რომ ბავშვობის ამ გამოცდილებამ მას პრობლემები შეუქმნა კარიერაში, განსაკუთრებით რთული იყო მისთვის ნდობის აღდგენა იმ მამაკაცი კოლეგების მიმართ, რომელთაც ერთხელ მაინც გაუცრუეს იმედი.

კირან კაურს, 34 წლის მენეჯმენტის კონსულტანტს სჯერა, რომ მისი მშობლების ურთიერთობას მასზე ნეგატიური გავლენაც ჰქონდა და პოზიტიურიც. ისინი ერთმანეთთან კონფლიქტს ერიდებოდნენ ამიტომ სხვების თვალში თანამოაზრე წყვილად წარსდგებოდნენ ხოლმე, თუმცა, ამავე დროს, ვერ იტანდნენ სხვების განსხვავებულ შეხედულებებს. „ამან გავლენა იქონია გუნდთან ჩემი მუშაობის სტილზე - არც მე მივესალმები ხოლმე ღია მსჯელობას, თუმცა სხვების თვალში მომწონს გუნდურობის წარმოჩენა“.

მიუხედავად ამისა, თქვენი მიჯაჭვულობის სტილი არ აღიქვათ, როგორც ბედისწერა. ბოლო კვლევების მიხედვით, მიჯაჭვულობის სტილი გარკვეული ხარისხით შესაძლებელია შეიცვალოს იმჟამინდელი სიტუაციის კვალდაკვალ.  თუ თქვენ გყავთ სანდო, მოსიყვარულე პარტნიორი, თქვენი თავდაჯერებულობა და სხვებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც სანდო მიჯაჭვულობის მთავარი მახასიათებელია. ამ პროცესს „ნდობის პარადოქსს“ უწოდებენ (dependency paradox), რაც ნიშნავს, რომ ვინმე სანდო დასაყრდენის ყოლა ზრდის თქვენს დამოუკიდებლობას, ავტონომიურობას.

 მშობლებისგან ნეგატიური მოდელის მიღება აუცილებლობით არ განაპირობებს თქვენს კონფლიქტურობას ან სიმორცხვეს, თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ ეს გამოცდილება პროდუქტულობაში და ლიდერიც კი განავითაროთ თქვენში. ურთიერთობებში თქვენი იმ დამოკიდებულებების გაცნობიერება, რომლებიც, სავარაუდოდ, ბავშვობის გამოცდილებიდან მოგყვებათ, საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ ან თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ ისინი. კაური ამბობს, რომ 10 წლის წინ, როდესაც კოლეგამ პირველად მიუთითა ამაზე, მან დაიწყო „ვითომ კონფლიქტის არიდების“ უსარგებლო ჩვევის და ვიწრო შეხედულებების მოშორებაზე მუშაობა, რომლებიც მისი რწმენით, სწორედ მშობლებისგან მოყვება. „ახლა მე წავახალისებ დისკუსიას და ვცდილობ ვიყო რამდენადაც შესაძლებელია ღია განსხვავებული შეხედულებებისთვის“ ამბობს ის.

ელისმაც შეძლო ჯანსაღი მიდგომების შემუშავება. „მთელი კარიერის განმავლობაში თავს ვარიდებდი კონფლიქტებს და მიზანმიმართულად ვსწავლობდი სამსახურში წამოჭრილი საკითხების მოგვარებასა თუ ჩემი წუხილის გამოთქმას პროფესიონალურად, ისე რომ ვყოფილიყავი მხოლოდ პრობლემის გადაჭრაზე და არა კონფლიქტის გამწვავებაზე ორიენტირებული“ ამბობს ის. „ეს ძალიან პროდუქტიული იყო და დამეხმარა წარმატებულ ლიდერად ჩამოყალიბებაში, როგორც ჩემს გუნდში, ასევე, კოლეგებთან ურთიერთობისას“.

იმას თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ გარშემომყოფების მიმართ სამსახურში, შესაძლოა ღრმა ფესვები  ჰქონდეს, მაგრამ ფსიქოლოგიამ ერთი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა - განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში არის შესაძლებელი.  ეს იმდენად ეხება თქვენი მიჯაჭვულობის სტილსა თუ პიროვნებას, რამდენადაც ახალი ენის შესწავლასა თუ სპორტის ახალი სახეობის დაუფლებას. როგორც ფსიქოლოგმა, რომელიც უფრო მეტად ერკვევა აღნიშნულ ინტერპერსონალურ ურთიერთობებსა და მათ ფესვებში, შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი თუ რატომ არ შეგიძლიათ გახდეთ უფრო ეფექტური მენეჯერი და კარგი კოლეგა. 

როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა?

მიჯაჭვულობის თეორია გვეუბნება, რომ ადამიანის ცხოვრების პირველ წლებში ძლიერ ემოციურ და ფიზიკურ კავშირს მასზე მზრუნველ ერთ პირთან მაინც, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მისი განვითარებისთვის. თუ ჩვენი კავშირი ძლიერია და სანდო მიჯაჭვულობას ვგრძნობთ, შიშის გარეშე ვაგრძელებთ სამყაროს შემეცნებას, რადგან ყოველთვის გვეგულება უსაფრთხო ადგილი, სადაც დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგვიძლია. თუ ჩვენი კავშირი სუსტია, არასანდო მიჯაჭვულობა გვაქვს და გვეშინია ამ, ერთი შეხედვით, საშიში სამყაროს გაცნობის, რადგან არ ვართ დარწმუნებული, რომ მიგვიღებენ, როცა დავბრუნდებით.

სანდო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს მეტად შეუძლიათ სხვების ნდობა, ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს და ამის შედეგად უფრო წარმატებულები არიან. არასანდო მიჯაჭვულობის მქონე პირებს უჭირთ სხვების ნდობა, აკლიათ სოციალური უნარები და სირთულეებს განიცდიან ურთიერთობებში. სანდო მიჯაჭვულობის მხოლოდ ერთი სტილი არსებობს (სანდო), ხოლო არასანდო მიჯაჭვულობაში სამი სტილი გამოიყოფა: შფოთვით-ამბივალენტური, შფოთვით-განრიდებული და შფოთვით-დეზორგანიზებული. 


თეორიის უკეთ გასაგებად, მოდი მაგალითად მოვიყვანოთ ქალბატონ და ბატონ სმიტების ოჯახი, რომელშიც ოთხი ბავშვი ცხოვრობს.  სმიტები მოსიყვარულე მშობლები არიან, ხშირად ეფერებიან შვილებს, ამყარებენ მათთან თვალებით კონტაქტს, მზრუნველად ესაუბრებიან და ყოველთვის პასუხობენ მათ საჭიროებებს. მაგრამ, ერთ დღეს, ბატონი სმიტი ავადმყოფობისგან კვდება, რის შემდეგაც ქალბატონი სმიტის ცხოვრება ძალიან რთულდება. ის მთელი დღე მუშაობს და ამავდროულად ცდილობს ოთხ შვილზე ზრუნვას, რაც თითქმის შეუსრულებელი ამოცანაა.

6 წლის ლუკას ტვინის უმეტესი ნაწილი უკვე განვითარებულია, მისი ხასიათი ჩამოყალიბებული და სამყაროს ხედვა მეტნაკლებად ფორმირებულია. შექმნილი სიტუაცია მასზე ძლიერ გავლენას ვერ ახდენს, რადგან იცის, რომ ყავს დედა - მისი უსაფრთხო თავშესაფარი. მას სანდო მიჯაჭვულობა აქვს, ხოლო მოგვიანებით ის მიმნდობ და ოპტიმისტ ყმაწვილად ყალიბდება, რომლის შეხედულება საკუთარი თავის შესახებ (მე-ხატი) პოზიტიურია.

3 წლის ანას ძალიან უჭირს შეეგუოს ყურადღების ნაკლებობას. თუ ადრე დედა მის ყოველ სიგნალს პასუხობდა, ახლა  ამას აღარ აკეთებს, რის გამოც ანას აღქმით, საკუთარი დედის ქცევა ძალიან უპროგნოზოა. ბავშვი შფოთავს ურთიერთობის ამგვარ ცვლილებაზე და ემოციურად ძალიან დამოკიდებული ხდება. დედის ყურადღების მოსაპოვებლად მას უწევს, რომ იყვიროს, ხოლო როცა დედა საბოლოოდ რეაგირებს მოსალოდნელი პასუხით, ახლა უკვე ანა იქცევა ამბივალენტურად და  რეალურ ემოციებს არ გამოხატავს. მომავალში უკვე მოზრდილ ანას დაახასიათებენ როგორც გაუწონასწორებელ ან ცვალებადი განწყობილების მქონე ქალს. მისი შეხედულება საკუთარი თავის შესახებ (მე -ხატი) ნაკლებად პოზიტიურია. მას შფოთვით-ამბივალენტური მიჯაჭვულობის სტილი აქვს.

2 წლის ჯო მთელ დღეს ბიძასთან ატარებს, რომელსაც ის ძალიან უყვარს, თუმცა თვლის რომ კარგი აღზრდა სიმკაცრეს გულისხმობს. თუ ჯო ჭარბად გამოხატავს ემოციას ან ძალიან მხიარულობს, ბიძა ბრაზდება და ზოგჯერ სჯის კიდეც.  ჯოს შიში იპყრობს. ის ხვდება, რომ შიშის დასაძლევად ემოციების გამოხატვისგან თავი უნდა შეიკავოს, სხვა სიტუაციებშიც კი. ჯო მოზრდილობაშიც იგივე სტრატეგიას მიმართავს, რის გამოც ურთიერთობის დამყარება უჭირს. მას შფოთვით-განრიდებული მიჯაჭვულობა აქვს.

ერთი წლის ემის ბაგაში უშვებენ, სადაც ძიძებს ნაკლებად დამაკმაყოფილებელი აღმზრდელობითი უნარები აქვთ და მაღალი დატვირთულობის გამო ხშირად განიცდიან სტრესს, ზოგი კი ძალადობასაც მიმართავს პერიოდულად. ასეთ სიტუაციაში ემი შფოთვას განიცდის იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც წესით უსაფრთხოების განცდას უნდა უქმნიდნენ, ეს კონფლიქტი კი სრულიად ქაოსურს ხდის მის შეხედულებას სიყვარულსა თუ უსაფრთხოებაზე.  რადგან მის შიშებს არავინ პასუხობს, ის ცდილობს თავი აარიდოს ყველანაირ კონტაქტს ადამიანებთან. მოზრდილობაში ემის ჰგონია, რომ არ არის სიყვარულის ღირსი, ხოლო მისი შეხედულება საკუთარი თავის შესახებ უკიდურესად ნეგატიურია. მას შფოთვით-დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა აქვს.

წყარო:

1. https://www.bbc.com/worklife/article/20191108-how-your-parents-may-have-shaped-the-way-you-act-at-work

2. https://arizona.pure.elsevier.com/en/publications/feelings-of-parental-caring-predict-health-status-in-midlife-a-35 

3. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2857405/ 

4. https://www.psychologistworld.com/developmental/attachment-theory 

5. https://arizona.pure.elsevier.com/en/publications/feelings-of-parental-caring-predict-health-status-in-midlife-a-35 

Comments