ხუთი წლის წინ სახლი ვიყიდე.
შეძენიდან ორი წლის თავზე პირველად დავიძინე ჩემს სივრცეში. ფანჯრებზე ჯერ კიდევ არ იყო ფარდები, თხელი პლედი კი საკმარისად არ მათბობდა.
თითქმის ერთი თვე, საწოლზე წამომჯდარი ვსადილობდი მზა საკვებით, რადგან სამზარეულო არ მქონდა, მაგიდა კი საერთოდ ერთი წლის მერე ვიყიდე.
ფარდა დავკიდეთ. ლალი დიდებულად აუთოებს |
ჩემი თეთრი ციხესიმაგრე - ასე ვუწოდებ ხოლმე 50 კვადრატული ფართობის მქონე სივრცეს, რომელშიც მესამე წელია ვხოვრობ. ციხესიმაგრის კვალობაზე საკმაოდ დაუცველი და ადვილად მისაწვდომია. იმის წყალობით, რომ ფანჯრები აღმოსავლეთს გადაჰყურებს, მზის სხივები ადრიანად არღვევენ ხოლმე ქსოვილის ბარიერს და თეთრ კედლებზე ქვიშისფერ ანარეკლებს ტოვებენ. მზის ამოსვლის ამსახველი ათეულობით ფოტო მაქვს ჩემი აივნიდან გადაღებული. თითქმის ერთნაირია ყველა, მაგრამ მე შემიძლია გავიხსენო, რომ სხვანაირი ვიყავი ყოველ ჯერზე, როცა მათ ვიღებდი. ზოგჯერ, როცა ძილი გამიტყდება, ვამოწმებ ხოლმე მზის ამოსვლის დროს, ვიცდი და რამდენიმე ფოტოს გადაღების მერე შემცივნებული, მაგრამ კმაყოფილი, საბანში ვეხვევი იმ ძილისთვის, რომელიც ღამით არ მოვიდა. მიყვარს სითეთრე ჩემ გარშემო და ამ სითეთრეში შემოჭრილი შუქი, რომელსაც ღამის ფარდა ვერაფერს უხერხებს.
ვიდრე რემონტს დავიწყებდი, ჩემთვის სასურველი სახლის ფოტოებს ვაგროვებდი Pinterest-ზე, Instagram-ზე. მსიამოვნებს, რომ სახლის ატმოსფერო ძალიან ახლოსაა შერჩეულ ფოტოებთან.
hugge |
როცა ხელფასიდან თანხის გადადება დავიწყე, ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი სახლის ყიდვას ან, შესაძლოა, ვფიქრობდი და საკუთარ თავს ხმამაღლა არ ვეუბნებოდი. პატარა მისიასავით იყო ყოველ თვე სამსახურიდან გამოსვლა გორგასლის გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალში ანაბარზე თანხის შესატანად. უცნაურია, რომ რაც უფრო გაიზარდა ჩემი ხელფასი, მით უფრო ნაკლებ თანხას ვიმეტებდი გადასადებად. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პერიოდში დაგროვილმა დანაზოგმა მომცა სითამამე, რომ დავთანხმებოდი წინასწარი შენატანის პირობას, ვიდრე ბანკს მივმართავდი დარჩენილ თანხაზე იპოთეკური სესხის გასაცემად. საკუთარი თავის მადლობა მმართებს და ვარ კიდეც.
უცნაურია, არასოდეს მქონია რაიმე განსაკუთრებული ემოცია თბილისის მიმართ, მეტიც, ყველას ვაოცებდი იმაზე საუბრით, რომ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებისთანავე დავბრუნდებოდი მშობლიურ ქალაქში. არც ახლა ვგრძნობ რაიმეს თბილისის მიმართ, ეს უბრალოდ დასახლებაა, სადაც ჩემი სახლი დგას და ჩემთვის ღირებული ადამიანები დადიან ქუჩებში.
სახლი არ არის უბრალოდ უძრავი ქონება. ჩემთვის, საკუთარი სახლის ქონა არის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ-ერთი გარანტი. რისი თქმაც მინდა უფრო გრძელ საუბარს საჭიროებს და მოკლედ რომ ვთქვა: საქართველოში ქალების მიმართ ოჯახების მხარდაჭერა ძირითადად, პირობითია. თუ უშვებ, რომ შესაძლებელია ისე იცხოვრო, როგორც "კარგ გოგოს" არ შეეფერება, წარმოდგენა არ გაქვს რა რეაქცია შეიძლება მიიღო შენი ახლობლებისგან, ან უკეთეს შემთხვევაში, უნდა დათანხმდე "მეტს არ ვიზამ" პირობას მათი მხარდაჭერის მისაღებად. მოდი, დავაზუსტებ: მხარდაჭერაში დედას ან მამას ფულით ცხოვრებას არ ვგულისხმობ, საუბარია "ჩვენ შენთან ვართ, no matter what.." დამოკიდებულებაზე. კაცებისთვის ამ მხარდაჭერის დაკარგვის მიზეზები ბევრად მცირეა, ვიდრე ქალებისთვის.
მე 2007 წელს ჩამოვედი თბილისში საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად და მას შემდეგ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ ზაფხულის არდადეგებს ან მოკლე შვებულებას ვატარებ ხოლმე. სახლი 10 წლის შემდგომ, 2017 წელს ვიყიდე. ამ დროის განმავლობაში მიცხოვრია 10 კვადრატულ ოთახში, სადაც გაზქურასა და საწოლს ერთი ნაბიჯი აშორებდათ, ტუალეტი კი საერთო იყო ეზოს სხვა ბინადრებთან. ზამთარში ძირითადად მხოლოდ თავს ვიბანდი ხოლმე, რადგან ეზოში მდგარი შენობის გაყინულ ოთახში გაშიშვლება და სახელდახელოდ მომარაგებული თბილი წყლით ბანაობა რთული იყო. ვცხოვრობდი დიდ კერძო სახლშიც, რამდენიმე ნათესავთან ერთად. იმ სახლთან დაკავშირებული ერთადერთი სახალისო მოგონება ჯართის შემგროვებლების ფრაზებია, რომლებსაც მეგაფონით გაჰყვიროდნენ ხოლმე: "ვიბარებთ ჯართს, ფერად ამურზატორებსა და რადიატორებს, ძველ სარეცხის მანქანებს, მაცივრებს. ჯართს ვიბარებთ. ჯართიიი". იმ სახლიდან აღსრულების ბიუროს პოლიციელების მეშვეობით გამოგვასახლეს სახლის იპოთეკარებმა, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით.
ერთხელ, ინგლისურის გაკვეთილზე გულუბრყვილოდ მოვყევი უნიტაზის ჩარეცხვა რომ დამავიწყდა, რის გამოც მეგონა, რომ სახლში ქურდი შემოიჭრა და თითქმის უავეჯო ოთახში დაიმალა. დიდხანს დამცინოდნენ.
ჩემი მშობლების სახლის კიბესა და მეზობლის ღობეს შორის ერთი ნაბიჯია მანძილი. სივიწროვის გამო, კიბის საყრდენ კედელსა და ღობეს შორის ამოსულ სარეველებს არავინ აშორებს, ზოგი იმხელაა, რომ მოზრდილ ადამიანსაც დაფარავს. მე ამ ვიწრო გასასვლელში ვდგავარ და ვტირივარ. ალბათ, 6 ან 7 წლის ვარ. იმის გამო ვტირი რომ სპილოს ხორთუმიანი ორი მაისურიდან მე ვარდისფერი მერგო, მიუხედვად იმისა, რომ ყვითელი მინდოდა. მთელი ოჯახი ჩემ წინააღმდეგაა. წარმოუდგენელია, აბა ბიჭი ხომ არ ჩაიცმევს ვარდისფერს, გოგოს ფერია ეგ. უბრალოდ ნაწყენი კი არ ვარ, გული მაქვს გატეხილი, ასე მგონია, კიდევ ერთ ამოსლუკუნებას გულის ნაფლეთსაც ამოვაყოლებ ან სიმწრისგან დაჭიმული ერთბაშად დავსკდები. ზოგჯერ, მაგრამ არა ხშირად, ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს და ძალიან მეცოდება პატარა გოგო, რომელიც ხშირი წვიმისგან სწრაფად წამოზრდილ სარეველებს შორის იმალება და გულისგანმგმირავად ტირის. თითქმის 26 წლის შემდეგ ეს მოგონება ისევ ისეთი ემოციურია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილების ასრულებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მაინც მწარედ შემახსენებს ხოლმე თავს ის ამბავი ოდესღაც ჩემი სურვილი რომ არ აღმოჩნდა საკმარისი სასურველის მისაღებად.
ის, რისი გაკეთებაც ხშირად მავიწყდება ხოლმე, არის შეცდომების დაშვება. ძალიან საინტერესო შემთხვევა მახსენდება: როდესაც მეგობარს გავუზიარე, რომ მთელი ცხოვრება ციხესიმაგრეს ვაშენებ, რომელიც შეცდომის დაშვების შემთხვევაში სანდო თავშესაფარი უნდა იყოს, ამასობაში კი შეცდომების დაშვება გამომრჩა, მან კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ not everything in the world is meant to be tasted. ამაზე ძველი დიალოგი შევახსენე, რომლის შემდეგაც თითქოს შევთანხმდით, რომ სხვისი გამოცდილება ვერასოდეს იქნება შენი და მაშინაც, როდესაც ზუსტად იცი, რომ შენი სურვილი პოტენციური ზიანის მომტანია, ლტოლვა ინტერესის ობიექტის მიმართ იქამდე ნარჩუნდება, ვიდრე ამ ზიანს საკუთარ თავზე არ გამოცდი. მან თქვა, რომ ზოგმა ასეთმა სურვილმა, შესაძლოა მეორე შანსი აღარც მოგცეს. ამ მომენტში მივხვდი, რომ ერთმანეთს ავცდით შეცდომის გაგებაში. მაგალითის სახით მან კლდის წვერზე ველოსიპედით სიარული დამისახელა იმ ადამიანის მიერ, რომელმაც გუშინ ისწავლა ველოსიპედის ტარება. აშკარა იყო, რომ მე სხვა რამ მქონდა გონებაში. მისთვის შეცდომა საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება აღმოჩნდა, რაც, ცხადია, უგნურებაა, თუმცა მე შეცდომაში ყველაფერ იმის საწინააღმდეგოს გაკეთებას ვგულისხმობდი, რასაც ჩემი, როგორც ქალის მიმართ არსებული მოლოდინები მკარნახობენ.
აღმოჩნდა, რომ ჩემი თეთრი ციხესიმაგრე ვერ მიცავს "შეცდომების" შიშისგან, თუმცა ის ნამდვილად არის ჩემ გვერდით no matter what.. და სახლის შეძენა, როგორც "შეცდომა" დამეხმარა აღმომეჩინა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა ადამიანებთან ან როცა სიმყარეს გრძნობ, შიში სუსტდება..
Comments
Post a Comment