კონკიას ფსიქოლოგიური ანალიზი

აღმოაჩინე ფერია შენში

Unloved daughters - ბავშვობაში სიყვარულს მოკლებული ქალიშვილების ერთ-ერთი გამოწვევა მოზრდილ ასაკში ინტიმურ ურთიერთობებში წარმატების მიღწევაა, რაც სტაბილურ, კმაყოფილების მომტან კავშირებს გულისხმობს. მაგრამ ის, რაც რეალურად ხდება, ჯანსაღი ურთიერთობისგან საკმაოდ შორსაა. ასეთი გოგონებისთვის ინტიმური ურთიერთობა ხშირად აუცილებელი საჭიროებაა იმისათვის, რათა პარტნიორისგან მიიღონ ის პიროვნული აღიარება და მხარდაჭერა, რომელსაც ბავშვობიდან არიან მოკლებული, მაგრამ იმდენად მწვავედ სჭირდებათ მუდმივად „სიყვარულის მტკიცება“ და იმდენად მძაფრად რეაგირებენ სულ მცირე გაუგებრობასა თუ საფრთხეზე, რომ მათთან ყოფნა ემოციურად გამომფიტავია. ამიტომ, ამ ადამიანების შიში, რომ მიატოვებენ (სხვას ამჯობინებენ) ბოლოს რეალობად იქცევა ხოლმე, რადგან მათთან ურთიერთობის დრამატულობას პარტნიორები ხშირად გაურბიან. 
მოზრდილი ადამიანის წარმოდგენები ურთიერთობების შესახებ ხშირად იმას ეფუძნება თუ როგორი მიჯაჭვულობა ჰქონდა მას ბავშვობაში.
მიჯაჭვულობის თეორია გვეუბნება, რომ ადამიანის ცხოვრების პირველ წლებში ძლიერ ემოციურ და ფიზიკურ კავშირს მასზე მზრუნველ ერთ პირთან მაინც, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მისი განვითარებისთვის. თუ ჩვენი კავშირი ძლიერია და სანდო მიჯაჭვულობას ვგრძნობთ, შიშის გარეშე ვაგრძელებთ სამყაროს შემეცნებას, რადგან ყოველთვის გვეგულება  უსაფრთხო ადგილი, სადაც დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგვიძლია. თუ ჩვენი კავშირი სუსტია, არასანდო მიჯაჭვულობა გვაქვს და გვეშინია ამ ერთი შეხედვით საშიში სამყაროს გაცნობის, რადგან არ ვართ დარწმუნებული, რომ მიგვიღებენ როცა დავბრუნდებით. სანდო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს მეტად შეუძლიათ სხვების ნდობა, ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს და ამის შედეგად უფრო წარმატებულები არიან. არასანდო მიჯაჭვულობის მქონე პირებს უჭირთ სხვების ნდობა, აკლიათ სოციალური უნარები და სირთულეებს განიცდიან ურთიერთობებში. 
მშობლებთან ურთიერთობის სფეროში განსაკუთრებით დედებსა და ქალიშვილებს შორის ურთიერთობა მაინტერესებს, რადგან მოზრდილი ქალის უნარი ჰქონდეს მისთვის კმაყოფილების მომტანი ურთიერთობები,  ხშირად იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გრძნობს ის დედის მხარდაჭერას. მოგისმენიათ გოგონების სიზმრები? ისინი ხშირად ნახულობენ დედას, რომელიც მათ ტუქსავს ან ხელს არ უწვდის, როცა უფსკრულში ვარდებიან. ერთი მეგობრისგან, რომელიც თვითანალიზსა და "უხერხული" კითხვების დასმას არ გაურბის, ასეთი რამეც გავიგე: "ვიცოდი, თუ მინდოდა ბიჭებთან რაიმე გამომსვლოდა, ჯერ დედასთან უნდა მომეგვარებინა ურთიერთობა, რათა ცოტათი მაინც გადამელახა შიში, რომ ის მხარს არ დამიჭერს, როცა ეს დამჭირდება". ჩემს მეგობარს გამოუვიდა, მაგრამ რამდენ გოგოს არ გამოსდის? ჩემი აზრით, ბევრს. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ მხარდაჭერა დედის კალთაზე გამობმის სურვილს არ გულისხმობს, ეს არის ემოციური თანადგომის, ქალიშვილის სურვილების აღიარებისა და მიღების სურვილი. 
ამ საკითხზე ფიქრში The Guardian-ის სტატიას გადავაწყდი, რომელიც ფსიქოტერაპევტ Adam Philips-ის ესეს ეფუძნება და კონკიას ფსიქოლოგიურ ანალიზს გვთავაზობს. 
 
როგორც იქნა, ამ ზღაპარმა მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის.. 
ის, რასაც სტატია გვეუბნება, ძალიან მოკლედ შეიძლება ვთქვათ: ყველა გოგომ საკუთარ თავში უნდა იპოვოს ის ჯადოსნური დედა (ფერია), რომელიც მიიღებს და მხარს დაუჭერს მის სურვილებს.
 ქვემოთ სტატიის თარგმანს გთავაზობთ. 
That's what every girl should do
"რაზეა კონკიას ამბავი? იმაზე თუ როგორ ეძებს გოგონა თავის პრინცს?
მოდი, კიდევ დავფიქრდეთ.. კონკიას პრობლემას კაცები არ უქმნიან, ეს ქალი აფერხებს მას სასურველის მიღებისგან.
როდესაც ფროიდმა დასვა კითხვა თუ რა სურთ ქალებს, შეურაცხმყოფელიც კი იყო, თითქოს ქალებმა არ იციან რა სურთ და ამასთან, ყველა ქალი ერთნაირია და მათი სურვილებიც იდენტური. მაგრამ, ფროიდის კითხვა ასეც შეგვიძლია გავიგოთ: რა სურთ დედებს საკუთარი ქალიშვილებისგან?
კონკიას სამი დედა ყავს და თითოეულ მათგანს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მისი სურვილების მიმართ: გარდაცვლილი დედა, რომლის დამოკიდებულების გაგება შეუძლებელია, ბოროტი დედინაცვალი, რომელსაც სძულს კონკიას სურვილები და ფერია (ზღაპრული დედა), რომელიც ყველაფერს აკეთებს კონკიას მხარდასაჭერად.
კონკიას ამბავი კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ ადამიანებს რთული ბავშვობით, რომელშიც საერთოდ არ ყოფილა ბედნიერი დღეები, შეუძლიათ გახდნენ ბედნიერები. მთავარია, მათ არასოდეს უღალატონ თავიანთ სანუკვარ სურვილებს.
მეორე მნიშვნელოვანი თემა კონკიას ამბავში ისაა თუ სად არის პრობლემა. ამბავი აგებულია არა იმაზე, იპოვის თუ არა კონკია თავის პრინცს, არამედ მიაღწევს თუ არა მასთან. სხვანაირად, კითხვის ქვეშ დგას არა კონკიასა დ პრინცს შორის ერთმანეთის ნდომის საკითხი, არამედ დართავს თუ არა ერთი ქალი ნებას მეორეს, რომ სურვილი დაიკმაყოფილოს. რეალური პრობლემა ქალებს შორისაა და არა ქალსა და კაცს შორის.


კონკია ფიქრობს, რომ მისი პრინცი უჩვეულოდ კარგი ვინმეა, მაგრამ ბოროტ დედინაცვალს არ სურს, რომ კონკიამ თვალწარმტაც პრინცთან ურთიერთობის გამოცდილება, შესაბამისად, სიამოვნება მიიღოს. სწორედ აქ იწყება კონკიას ამბის ფსიქოლოგიური დრამა: მაშ რატომ არ სურს ქალს, რომ სხვა ქალმა მიიღოს სიამოვნება? თუ უფრო შორს წავალთ და ამ ქალებს (სამ დედას) კონკიას მე-ს ნაწილებად განვიხილავთ, მაშინ კითხვა ასეთი იქნება: რატომ არის ქალი საკუთარი სიამოვნების მტერი? ან რატომ შეიძლება ქალმა სხვა ქალის ეჭვიანობის შიშის გამო ხელი აიღოს სასურველის მიღებაზე?

თუ დედინაცვალი და ნახევარდები კონკიას პიროვნების ნაწილები არიან, მაშინ მათ იმ ბარიერების როლი აქვთ, რომლებიც გოგონას კარნავალზე მოხვედრას უშლიან ხელს. კარნავალი როგორც პირდაპირი გაგებით ასევე მეტაფორულად, არ წარმოადგენს დაბრკოლებას კონკიასთვის, რომელიც არც "მახინჯია" და არც მოუხერხებელი, პრინცსა და კონკიას შორის კი უკვე ისეთი ძლიერი კავშირია, რომ მათ შორის ვერავინ ჩადგება. ფუნქცია, რომელიც კარნავალს აკისრია, არის გვაჩვენოს ფრუსტრაცია, ის ცხოვრებისეული რუბიკონია, რომლის გადალახვის შემდგომ კონკია ბედნიერად იცხოვრებს პრინცთან ერთად. მაშასადამე, მთავარი გამოწვევა ისაა, თუ როგორ გაუმკლავდება კონკია შინაგან ბარიერებს, ყველას და ყველაფერს, რაც მას ხელს უშლის.
რამდენადაც კონკია ნებდება დედინაცვლის ჩაგვრის წინაშე, მისი ცხოვრება საქმეების კეთებითა და ძილით შემოიფარგლება, ის არ გადის გარეთ, არ ენახება სხვა ადამიანებს და არავინ იცის მისი სილამაზის შესახებ, ამდენადვე არ რთავს ნებას საკუთარ თავს, რომ ჰქონდეს სურვილები. საინტერესოა, რომ ფერიას (ღვთაებრივ დედას) არ სჭირდება კონკიას გამშვენიერება, თითოეული კაბა, რომელსაც კონკია კარნავალზე ირგებს, ააშკარავებს მას ისეთ მშვენიერს, როგორიც არის სინამდვილეში. მაშასადამე, ყველასგან მოძულებული, კონკებში გამოწყობილი გოგონას ცხოვრება სახლში, სადაც მასზე ძალადობენ, ერთგვარი გაქცევაა, საკუთარი სურვილების უარყოფა და იმის ილუსტრაცია თუ როგორ იხმობს ქალი სხვა ქალს საკუთარი სურვილებისგან დისტანცირებისთვის, თითქოს ის მზადაა ყველაფრისთვის, რათა სხვა ქალის ეჭვიანობა არ გამოიწვიოს.
თუ ამ ამბავს განვიხილავთ, როგორც ახალგაზრდა ქალის შინაგან დრამას, რომელშიც ყველა სხვა ქალი პერსონაჟი მისი მე-ს ნაწილია, მაშინ კონკიას თავდახრილი, დაუსრულებელი საქმიანობა სახლში, ერთგვარი მცდელობაა სადმე შორს გარიყოს საკუთარი სურვილები, რადგან ისინი წარმოშობენ ეჭვიანობას. მაგრამ აქვე დავაზუსტოთ, რომ ეჭვები არ არის მიმართული ობიექტისკენ: კონკიას ეჭვი არ ეპარება პრინცის გულწრფელობაში, მათი კავშირი საკმაოდ ძლიერია, არამედ თავად სურვილისკენ სწრაფვა ხდება შიშის წყარო. დედინაცვალი და ნახევარდები ხელს უშლიან მას ახსოვდეს საკუთარი სურვილები და ის, რომ მათი დაკმაყოფილება შეუძლია. ისინი მასსა და მის სურვილებს შორის კედელს აღმართავენ.

ფერიის გამოჩენისთანავე ყველაფერი იცვლება: ოჯახის წევრების თავგანწირული მოსამსახურიდან, კონკია გადაიქცევა სტუმრად, რომელსაც ემსახურებიან. ყველაფერი, რასაც ფერია კონკიასთვის აკეთებს, მას განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს, მას არ სჭირდება თხოვნა-მუდარა. ამდენად, თუ კონკია არის ამბავი, რომელმაც უნდა გაგვარკვიოს თუ რა სურთ ქალებს, პასუხი იქნებოდა: მათ სურთ დედა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალიშვილის სურვილების დაკმაყოფილება ხელმისაწვდომი გახადოს, სხვანაირად, დედა, რომელიც ფრთებს ასხამს ქალიშვილის სურვილებს და არა დედა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს, აუფასურებს ან ეჯიბრება მათ.
სურვილს რომ აყვეს და სიამოვნება მიიღოს, ქალს სჭირდება იმის წარმოდგენა, რომ არსებობს მეორე ქალი, რომელიც მხარს უჭერს მის სიამოვნებას და ტკბება ამით. ამ გაგებით, ფერია ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა გოგოს ცხოვრებაში. თუ ისევ კონკიას ავიღებთ ახალგაზრდა ქალის პროტოტიპად, ღვთაებრივი დედის გარეშე ის ვერასოდეს დატოვებდა სახლს და გახდებოდა ქალი, მისი მე-ს სწორედ ეს ნაწილი უბიძგებს კონკიას გაყვეს საკუთარ გულს, სხვა შემთხვევაში ის თავს ვერ დააღწევდა აზრს, რომ მისი სიამოვნება ყოველთვის იწვევს ტკივილს სხვა ქალში. როგორი საინტერესოა, რომ კონკიას პრინცზე ქორწინების შემდგომაც არ შორდება დანაშაულის განცდა საკუთარი ბედნიერების გამო, იმდენად, რომ ის წარმოსადეგ ქმრებს პოულობს მისი „უშნო“ ნახევარდებისთვის.



კონკია თითქოს ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც ფეხსაცმლის წყვილი, რომლებსაც ვერ დაშლი და ვერც ერთი-მეორეს მოარგებ. ერთ ცხოვრებაში კონკია საწყალი გოგონაა, რომელიც დამღლელი საქმიანობის შემდეგ ბუხართან მიყუჟული ცდილობს გათბობას, ხოლო მეორე ცხოვრებაში ის თვალწარმტაცი ქალია, რომლის სილამაზეს ვერავინ და ვერაფერი ჩრდილავს. ის თითქოს ამოუცნობი საიდუმლოა, რომელიც სააშკარაოზე გამოსვლის შემდეგ პირველი, რასაც სწავლობს, ეს საიდუმლოს ქონაა, პირველ რიგში კი, იმის დამალვა, რომ თავადაც იყო კარნავალზე.
კარნავალი ხომ უკვე მოვნიშნეთ გარდამტეხ მოვლენად კონკიას ცხოვრებაში, და, აი, კიდევ რა მოხდა კარნავალის შემდგომ: გოგონა, რომელიც საკუთარ სილამაზესა და სურვილებს უმალავდა საკუთარ თავსაც კი, მაგიურად გარდაიქმნა ქალად, რომელსაც შეუძლია იცრუოს, რათა დაიცვას საკუთარი სურვილები. როდესაც მისი ნახევარდები აღტაცებით ყვებიან კარნავალზე ნანახ ყველაზე ლამაზ პრინცესაზე, რომელიც მათ გვერდით დაჯდა და ყურადღებაც კი გამოიჩინა, კონკია სრულიად გულგრილად კითხულობს ზღაპრული პრინცესას სახელს. ალბათ, სწორედ ეს არის ახლა ყველაზე საინტერესო: რა ჰქვია მისი მე-ს ამ ახალ ვერსიას, რომელიც კარნავალზე ბრწყინავდა? კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ უცნობია. მას შემდეგ, რაც კონკია საჯაროდ წარსდგა სხვების წინაშე, ისეთი, როგორიც ნამდვილად არის, ის აღარ ცდილობს მოერიდოს ეჭვიანობის გამოწვევას სხვებში, საკუთარი მე-ს სააშკარაოზე გამოტანა გახდა საუკეთესო სტრატეგია შიშის დასაძლევად. ამბის მორალი ასეთია: საკუთარი სურვილების მიყოლისას გოგონებმა უნდა ისწავლონ გამკლავება დაურწმუნებლობასთან, რომელიც წარმოსახული დედინაცვლის ეჭვიან მზერას მოაქვს მათში და ამავე ეჭვის გამოწვევის შიშით არ სცადონ საკუთარ სურვილებზე ხელის აღება, ამის გაკეთება კი ერთგვარ მაგიას მოითხოვს, შეუდრეკელ წინააღმდეგობას. სარტრი წერს: მეამბოხეებს, როგორც წესი, არ მოაქვთ ცვლილება, რათა სამყაროში მუდმივად იყოს რაღაც, რაზეც თავიანთ ამბოხს მიმართავენ, მხოლოდ რევოლუციონერებს შეუძლიათ სამყაროს შეცვლა.

ჩვენ მარტივად ვამბობთ ხოლმე, რომ კონკიას ამბავი არის იმაზე, რომ ვიღაცას რაღაც უნდა და სხვები მას სასურველის მიღებაში ხელს უშლიან, ანუ როგორც სასიყვარულო ისტორიებშია: სურვილს წინ ეღობება დაბრკოლებები. მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელიც კონკიას ამბავს თანამედროვეობასთან აკავშირებს: როგორ იღებს გოგონა იმას, რაც უნდა? ზღაპარს ძალიან პირდაპირი პასუხი აქვს ამაზე: პრობლემაც და გადაწყვეტაც სხვა ქალის არსებობაა. კონკია ხატოვნად გვიჩვენებს იმ ეფექტს, რომელსაც ქალები ახდენენ გარშემომყოფებზე. კონკია მოგვითხრობს ორ დედაზე ან დედის ორ მხარეზე: კარგი დედა, რომელიც თავის ქალიშვილს ხედავს ისე, როგორიც არის ის და ეხმარება საკუთარი თავის გამოხატვაში და ცუდი დედა, რომელიც ქალიშვილს უყურებს როგორც მეტოქეს, ძალაუფლების წამრთმევს. ცუდი დედა მოითხოვს, რომ ქალიშვილმა უარი თქვას სასურველზე ან მის ნაცვლად სხვამ მიიღოს ის, ხოლო კარგი დედა ნებას რთავს ქალიშვილს იყოს აღქმული სასურველად და თავადაც მიიღოს სიამოვნება. და ყველაზე მთავარი: ახალგაზრდა ქალი, რომელიც დედინაცვლის სურვილს ნებდება, მიდრეკილია ფრუსტრაციისკენ, ის ადვილად უარყოფს საკუთარ სურვილებს, ხოლო ქალიშვილი, რომელსაც სწამს კეთილი დედის მხარდაჭერის, მიჰყვება თავის სურვილებს.
ამდენად, კონკიას ამბავი არ სვამს კითხავს თუ რა სურთ ქალებს, არამედ რამდენად ძლიერია მათი სურვილი? შეუძლია მას ერთდროულად იყოს თავჩახრილი მოახლე გოგო და პრინცესა? ზღაპარი გვეუბნება, რომ მოახლის როლზე დანებება არ არის კარგი გადაწყვეტა საკუთარ სურვილთან, ქალს სურვილის დაკმაყოფილების კი არ ეშინია, არამედ იმ დაურწმუნებლობის, რომელსაც დაკმაყოფილება იწვევს".


Comments