ნამცეცობანა

ხშირად, პოპკულტურის მიერ შემოტანილი ტერმინი იმდენად ზუსტად აღწერს ხოლმე ადამიანის ქცევას, რომ საყოველთაო ლექსიკის ნაწილი ხდება. ნამცეცობანაც ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კლინიკური ტერმინი, თერაპიულ ცენტრებში მისული ადამიანები ხშირად იყენებენ მას საკუთარი განცდებისა და გამოცდილებების აღსაწერად.

დასავლურ სამყაროში, პურის ნამცეცებით გაკეთებული კვალი ძმები გრიმების ზღაპრის გმირებთან - ჰენზელთან და გრეტელთან ასოცირდება, ბავშვებთან, რომლებიც ტყეში მოგზაურობისას მათ მიერ გავლილ გზაზე პურის ნამცეცებს ყრიდნენ, რათა სახლში დასაბრუნებელი ბილიკი ეპოვათ. თანამედროვე დროში, ამ მეთოდს იშვიათად მოსდევს სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება, პირიქით, ნამცეცები უფრო ღრმად გიბიძგებენ ტყეში, თავს გაკარგვინებენ და ხაფანგში გიტყუებენ. 

ნამცეცობანა არის ერთი ადამიანის მიერ მეორის მართვა პერიოდული ინტერესის გამოხატვით, რაც შეიძლება იყოს სოციალურ ქსელში დატოვებული კომენტარი, უეცარი შეტყობინება ან ხანმოკლე საუბარი ტელეფონზე. ნამცეცობანას ინიციატორის მიზანია აფიქრებინოს მსხვერპლს, რომ დაინტერესებულია მისით, თუმცა რეალური ურთიერთობის სურვილი არ გააჩნია.

ურთიერთობის საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი რამ განუსაზღვრელია, ემოციებიც ხშირად უკიდურეს პოლუსებს შორის მონაცვლეობს: აღფრთოვანება შეიძლება შეიცვალოს იმედგაცრუებით, რაც დაბნეულობას და სტრესს იწვევს, თუმცა ეს ნორმალურად ითვლება. ადამიანებს დრო სჭირდებათ ერთმანეთის გაგებისთვის, საწყისი მიზიდულობა არ არის საკმარისი კმაყოფილების მომტანი ურთიერთობისთვის, თუ პარტნიორები ერთმანეთთან გულწრფელი კომუნიკაციით არ ცდილობენ ერთმანეთის გაცნობას. თუმცა, დიდი ხნით გაგრძელებული განუსაზღვრელობა, როდესაც ურთიერთობა არ პროგრესირებს ლოგიკურად, არამედ თითქოს ერთ წრეზე ტრიალებს, შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ნამცეცობანას შემთხვევა გვაქვს.

ნამცეცობანა თანამედროვე ონლაინ ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი მანიპულაციის მეთოდია, თუმცა ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ურთიერთობაში: უფროსი, რომელიც თანამშრომელს დაწინაურების პერსპექტივაზე მინიშნებით ტვირთავს საქმეებით, თუმცა, რეალურად არასოდეს აწინაურებს მას; მანიპულატორი ოჯახის წევრი ან მეგობარი; ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეიძლება იყენებდეს ამ ტაქტიკას.

ნამცეცობანა ეფუძნება არარგულარული განმტკიცების პრინციპს, რომელიც დასწავლის თეორიაში ითვლება ქცევის ყველაზე ეფექტიან განმამტკიცებლად, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს დასწავლილ ქცევას. ამის მაგალითია აზარტული თამაშები: სათამაშო აპარატში მონეტის ყოველ ჩაგდებას არ მოყვება ფულის მოგება (განმტკიცება), თუმცა მოთამაშემ იცის, რომ გარკვეული მცდელობის (აპარატში მონეტის ჩაგდების) შემდეგ აუცილებლად  მოიგებს რაღაც თანხას. ეს ბუნდოვანება, როდესაც მოთამაშემ არ იცის რომელ კონკრეტულ ჩაგდებას მოყვება მოგება, მას დამოკიდებულ ხდის თამაშზე, რადგან განმამტკიცებელი არარეგულარულად, მაგრამ მაინც მიეწოდება. (სკინერი, რადიკალური ბიჰევიორიზმი). 

ნამცეცობანას ავტორი ზუსტად ასეთი არარეგულარული განმტკიცების სისტემას ქმნის: დიდი ხნით გაქრობას მოყვება უეცარი „ამგდები“ მესიჯი, ზარი ან შესაძლოა შეხვედრაც, თუმცა ურთიერთობა არასოდეს არ სტაბილურდება. მანიპულატორი ერთმანეთს უნაცვლებს იმედსა და სასოწარკვეთას. მსხვერპლს უჩნდება იმედი, რომ მანიპულატორს მოიხელთებს, მოგვიანებით კი სასოწარკვეთაში ვარდება, რადგან არაფერი არ იცვლება.

ვიდრე ნამცეცობანას უფრო დეტალურად განვმარტავთ, მნიშვნელოვანია ის განვასხვავოთ გაზლაითინგისგან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მანიპულაციის ფორმაა და ხშირად, ერთი და იგივე ტიპის ადამიანები იყენებენ ამ მეთოდებს, გაზლაითინგი არის მიზანმიმართული მცდელობა დაამახინჯო მეორე ადამიანის რეალობა ისე, რომ მსხვერპლს ეჭვი შეატანინო საკუთარ აღქმებსა და მსჯელობებში.

თავის მსხვერპლებში გამოწვეული გულისტკენისა და უძილო ღამეების მიუხედავად, ნამცეცობანა მაინც არ ითვლება ისეთ პირდაპირ მანიპულაციად, როგორც გაზლაითინგი, რომელიც მსხვერპლის გაუცხოებას იწვევს საკუთარი თავისა და მეგობრებისგან.

ნამცეცობანა

გაზლაითინგი

· გულისხმობს პატარ-პატარა, არარეგულარული ყურადღების გამოხატვას, რომელიც მიმღებს აფიქრებინებს, რომ არსებობს უფრო მეტის შანსი...

           გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ მეორეზე იმგვარ ზემოქმედებას, რომ ამ უკანასკნელს ეჭვი შეეპაროს საკუთარ აღქმებში.

·         მსხვერპლში იწვევს ეჭვებს იმის თაობაზე ნამდვილად აინტერესებთ თუ არა ის.

           ზემოქმედების მიზანია მეორე ადამიანის (მსხვერპლის) დარწმუნება საკუთარი ფიქრების მცდარობაში, რასაც მოყვება მსხვერპლის თვითრწმენისა და ადეკვატურად მსჯელობის უნარის დაქვეითება.

 ორივე მეთოდი ეფუძნება მსხვერპლისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი, მატრიგერებელი („ამგდები“) თემების გამოვლენას და გამოყენებას მათ წინააღმდეგ, ურთიერთობაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვების განზრახვით.


მისგან იღებ მოულოდნელ შეტყობინებას. მიმოწერა არარეგულარულია, არ ცდილობს კონტაქტის შენარჩუნებას.

·         ის მართავს კომუნიკაციას: მაშინ გწერს, როცა უნდა და შესაძლოა არც გააგრძელოს მის მიერვე წამოწყებული მიმოწერა. როგორც წესი, გვიან ღამე გიგზავნის სპონტანურ შემოთავაზებებს, თუმცა შემდეგ დიდი ხანი აღარ გეხმიანება.

·         მიმოწერის თემები მსუბუქი და ზედაპირულია. ის თავს არიდებს ურთიერთობის მომავლის, შენი გრძნობების ან რაიმე სერიოზული საკითხის განხილვას.

·         მესიჯებით გეფლირტავება, გაფიქრებინებს, რომ შენით დაინტერესებულია, თუმცა მის „ამგდებ“ შეტყობინებებს არასდროს მოსდევს რაიმე კონკრეტული ქმედება. ფლირტი მხოლოდ ონლაინ სივრცეში რჩება, ის თავს არიდებს პირისპირ შეხვედრას ან რაიმე სხვა ერთობლივ აქტივობას.

·         ის თან ინტერესს გაგრძნობინებს და თან სრულიად დისტანცირებული და გულგრილია.

·         გეუბნება, რომ მოსწონხარ, მაგრამ არ უნდა „სერიოზული ურთიერთობა“.

·         როდესაც შეხვედრას სთავაზობ ან რაიმე სამომავლო გეგმას (თუნდაც, პიკნიკს), მისი პასუხი ბუნდოვანია: „ვნახოთ“, „შეიძლება, ერთ დღეს“. მუდმივად იმიზეზებს დაკავებულობას და დროის არქონას, რის გამოც მასთან დროის გატარება თითქმის შეუძლებელია. სრულიად არასანდო და „გადამგდებია“, როცა საქმე რაიმე ერთობლივ, თუნდაც სრულიად უწყინარ გეგმას ეხება.

·         შესაძლოა, შეამჩნიო, რომ მუდმივად აქტიურია სოციალურ პლატფორმებზე, რაც გაფიქრებინებს, რომ სხვა ვარიანტებს აქტიურად ეძებს.

·         არ ადარდებს შენი ემოციები, როდესაც წუხილს გამოთქვამ ურთიერთობაში არსებულ ბუნდოვანებაზე, არ ცდილობს რაიმეს ახსნას.

·         მასთან ურთიერთობის დროს მუდმივად გაურკვევლობაში ხარ და ვერ ხვდები საერთოდ რას ეფუძნება თქვენი ურთიერთობა, ეჭვი გეპარება მის განზრახვებში. თუ შეეცდები კითხვების დასმას და რაიმეს გარკვევას, ის მაშინვე შეცვლის საუბრის თემას ან თავს აარიდებს პასუხს.

·         ხან აღფრთოვანებული ხარ მასთან კომუნიკაციით, ხან კი მიგდებულად გრძნობ თავს. ერთ დღეს კომპლიმენტს მოგწერს, მეორე დღეს კი შეიძლება საერთოდ არ წაიკითხოს შენი მესიჯი, რის გამოც მუდმივად ეჭვებში ხარ.

 

ნამცეცობანას ნიშნები:

შესაძლოა, ერთდროულად არ გამოვლინდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, თუმცა როგორც წესი, გვხვდება:

·         გეგმების არქონა ურთიერთობებში ან დაპირების შეუსრულებლობა: ეს ნამცეცობანას კლასიკური გამოვლინებაა. ნამცეცის გადამყრელი, როგორც წესი, ერთობა პაემნის მსგავსი შემოთავაზებებით, როგორიცაა ფილმის ნახვა ერთად, ვახშმობა ან უბრალოდ პირისპირ შეხვედრა, თუმცა არასოდეს ასახელებს შეხვედროს დროს. ის მოჩვენებითი ენთუზიაზმით გადადებს ხოლმე შეხვედრის შესაძლებლობას - „შესაძლოა მომდევნო კვირას“, „რატომაც არა, შეიძლება“. უფრო მეტიც, შესაძლოა მოახლოებული შეხვედრა იმიტომ გააუქმოს, რომ თურმე ამინდის პროგნოზის შემოწმება დავიწყნია და უპს, წვიმაა მოსალოდნელი.

·         არაფრისმთქმელი სიტყვები (Microcommunication): ეს მახასიათებელი პირდაპირ ამართლებს მეთოდის სახელს. მიკროკომუნიკაცია არ არის კონტაქტის სრულად გაწყვეტა, იგნორირება ან „დაკიდება“. ის გულისხმობს მცირე, უფრო მეტად ციფრული კომუნიკაციის აქტებს, ზოგჯერ ისეთივე მცირეს, როგორიცაა Instagram-ის პოსტსა თუ სთორი-ზე ემოჯით კომენტირება. დროისა და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე მანიპულატორი მსხვერპლს უქმნის ურთიერთობის ილუზიას.

·         ცივი შხაპი - ცხელი შხაპი: ნამცეცობანას მთელი არსი არის არა პერიოდული, არაფრისმთქმელი კომუნიკაცია, არამედ მსხვერპლის დარწმუნება იმაში, რომ არსებობს ნამდვილი ურთიერთობის პოტენციალი. ხშირად, ეს გამოიხატება ხანმოკლე, მოულოდნელ გამოჩენაში, რა დროსაც მსხვერპლს აქვს ყურადღების ცენტრში ყოფნის განცდა, რასაც აუცილებლად მოყვება პერიოდი, როდესაც პირიქით, მსხვერპლი თავს გრძნობს იგნორირებულად.

·         ღამე გამოჩენა: მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ჩვეული დროისთვის ყურადღების მიქცევა. მანიპულატორი, როგორ წესი, ღამე ჩნდება, როდესაც დიდი ალბათობით მარტოა და სექსისთვის ეძებს პარტნიორს.

·         პასუხის დაგვიანება: ეს ჩვეული ტაქტიკაა ადამიანების იმაში დასაჯერებლად, რომ მანიპულატორი ჩააფიქრა მათმა ნათქვამმა და პასუხსაც ამიტომ აგვიანებს. ამის მაგალითია, როდესაც მსხვერპლი იღებს შეტყობინებას თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ ან რა ხდება იმ ამბავზე, რომელზეც ადრე საუბრობდნენ. როგორც კი მსხვერპლი უპასუხებს შეტყობინებას, მანიპულატორი დღეების განმავლობაში რეაქციის გარეშე ტოვებს მის მესიჯს ან შეიძლება ძალიან მოკლე და ზედაპირული პასუხით შემოიფარგლოს.

·         საჭიროდ არ თვლის რაიმე ახსნას ან თავი იმართლოს მსხვერპლის წინაშე: დიდი ხნით დაკარგვის შემთხვევაშიც მანიპულატორი საერთოდ არ ცდილობს ახსნას თავისი ქცევის მიზეზი ან იკითხოს მსხვერპლის მდგომარეობა.

·         ბოლომდე არ იკარგება (keeping in touch): ეს ალბათ ყველაზე რთული ტაქტიკაა, რომლის აღმოჩენაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ მოახერხებთ და მანიპულატორს დაშორდებით. ის პერიოდულად, თავისი განმარტებით, მოსაკითხად გამოჩნდება ხოლმე ყოფილ მსხვერპლთან, რეალურად კი ამოწმებს შეძლო თუ არა მსხვერპლმა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება, ამავე დროს, სურს, რომ რამდენადაც შეუძლია, შეაფერხოს მსხვერლის გათავისუფლება.

რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ აღმოუჩენია საკუთარი თავი ნამცეცების დევნაში, თუმცა ზოგიერთი ადამიანი უფრო ადვილად ხვდება ამ ხაფანგში და დიდხანს ვერ აღწევს თავს. ბავშვობის ზოგიერთი ტრავმის მქონე ადამიანისთვის იმედსა და სასოწარკვეთილებას შორის ზღვარზე ყოფნა ძალიან ნაცნობი, ზოგჯერ სახალისო თამაშიცაა. განსაკუთრებით, ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში სათანადო ყურადღებას არ იღებდნენ მშობლებისგან ან მომვლელებისგან. ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებში ნამცეცობანას თამაში იმ უკიდურეს ემოციებს იწვევს, რომლისკენაც მიილტვიან. ასევე, დაბალი თვითშეფასება, დეპრესიის, შფოთვის ან კვებითი აშლილობის დიაგნოზი უფრო მოწყლვადს ხდის ადამიანს ამგვარი მანიპულაციისთვის.

ნამცეცობანას დამაზიანებელი შედეგია მანიპულატორის მიერ საბოლოოდ მოპოვებული კონტროლი მსხვერპლზე, რომელიც ძლიერადაა მასზე ემოციურად მიჯაჭვული და მზად არის, უარი თქვას საკუთარ სურვილებზე, რათა შეინარჩუნოს სრულიად არაფრისმომტანი და მტკივნეული „ურთიერთობა“ მანიპულატორთან. „გარკვეული დროის შემდეგ, მსხვერპლი დაბლა სწევს თამასას და საკუთარი თავისგან მოითხოვს იმ უმცირესი სიყვარულითა თუ ყურადღებით დაკმაყოფილებას, რომელსაც მანიპულატორი იჩენს მის მიმართ“.

არათანმიმდევრული და ბუნდოვანი კომუნიკაცია, რომელსაც მანიპულატორი იყენებს მსხვერპლის მიმართ, დაბნეულობის, შფოთვისა და ფრუსტრაციის წყარო ხდება. მსხვერპლს კითხვები უჩნდება საკუთარ პიროვნულ სასურველობაზე ან შეიძლება, საკუთარი თავი დაადანაშაულოს მანიპულატორის ქცევებში. უსიამოვნო განცდებს შორისაა აგრეთვე:

  • ბრაზი
  • საკუთარ თავში ეჭვის შეტანა
  • შფოთვა
  • სევდა
  • მარტოობის განცდა
  • არაადეკვატურობის განცდა
  • სირცხვილის განცდა
  • პერიოდული იმედის განცდა.

2020 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ურთიერთობაში უეცარი გაქრობის (ghosting) და ნამცეცობანას მსხვერპლობის შემდეგ წარმოქმნილ სირთულეებს იკვლევდა, გამოვლინდა, რომ ნამცეცობანა უკავშირდება მის მსხვერპლებში ცხოვრებით კმაყოფილების განცდის მნიშვნელოვნად შემცირებას, უმწეობისა და მარტოობის განცდას. ამ მანიპულაციური თამაშის შედეგი განსაკუთრებით დამაზიანებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ნამდვილი, ღრმა ურთიერთობის პოვნის სურვილით წამოიწყეს კომუნიკაცია. 

 






როგორია მანიპულატორი, რომელიც ნამცეცობანას თამაშობს ურთიერთობებში?

ცხადია, ყველა მანიპულატორი განსხვავებულია და ყველა თავის ჯილდოს მოელის ამ თამაშისგან:

·         თვითშეფასება: მანიპულატორთა უმეტესობას ეს თამაში სჭირდება იმისათვის, რომ თავი იგრძნოს უკეთესად. განსაკუთრებით, როდესაც დაქვეითებულ განწყობილებაზეა, მანიპულატორს სჭირდება მსხვერპლი, რომლის ინტერესიც მის მიმართ თავს სასურველად აგრძნობინებს. რეალურად, მას ძალიან მყიფე თვითშეფასება აქვს. შესაძლოა, ხშირად ჰქონდეს განცდა, რომ არ უყვართ ან მისი პიროვნული მნიშვნელობის შესახებ ეჭვები, როცა საკმარის ყურადღებას ან აღიარებას ვერ გრძნობს. ამიტომაც სჭირდება მისით აღფრთოვანებული ადამიანები მუდმივ მზადყოფნაში, რათა  მიიღოს ემოცია, რომელზეც მისი თვითშეფასებაა დამოკიდებული.

·         ვალიდაცია: მანიპულატორი ითვლის მისი თაყვანისმცემლების რაოდენობას და ამით განსაზღვრავს საკუთარ წონას ურთიერთობების ბირჟაზე. რაც მეტი ადამიანია დაინტერესებული მისით, მით მეტად თვითდაჯერებული ხდება;

·         უმწიფარობა: ხშირად, მანიპულატორი არ არის მზად ნამდვილი ურთიერთობისთვის და ურჩევნია, დატკბეს იმის წარმოდგენით, რომ მისთვის ნებისმიერ დროს ერთი ხელის გაწვდენაზეა ნებისმიერი პარტნიორი. მას არ შეუძლია გულწრფელად უთხრას მეორე ადამიანს საკუთარი დამოკიდებულების შესახებ, რადგან ეშინია, რომ ასეთ შემთხვევაში „ხელში არავინ შერჩება“ და პოტენციური ურთიერთობებით ტკბობას ვეღარ შეძლებს. 

·         ნარცისიზმი: მანიპულატორების პიროვნება ნარცისიზმით ხასიათდება, რაც სხვების გრძნობების მიმართ გულგრილობით გამოიხატება. ამასთან, ნარცისი ემპათიის ნაკლებობით გამოირჩევა და თვლის, რომ ის იმსახურებს უპირობო სიყვარულს და აღიარებას გარშემომყოფებისგან, აქვს კონტროლის მძაფრი სურვილი. ის მზად არის, იმწუთიერი, თუნდაც უმნიშვნელო ემოციისთვის ითამაშოს სხვების ემოციებით და საერთოდ არ აცნობიერებს თუ რამდენად გამომფიტავი შეიძლება იყოს მისი ქცევები მეორე ადამიანისთვის.

როგორ დავიცვათ თავი მანიპულაციისგან? 


Ø  შენი ბრალი არ არის, რომ ვიღაც მანიპულატორი და ემოციურად უმწიფარია. თუ კომუნიკაცია არარეგულარული და დამაბნეველია დიდი ხნის განმავლობაში, შეწყვიტე ენერგიის ხარჯვა იმაზე, რაც არასოდეს გახდება კმაყოფილების მომტანი ურთიერთობა.

Ø    ენდე შენს თავს, რომელიც გეუბნება, რომ ეს ურთიერთობა არ პროგრესირებს: თუ ადამიანს მოსწონხარ, როგორც წესი, ის პოულობს გზას ამის გამოსახატად.

Ø    იფიქრე ალტერნატივაზე: როცა ამ თამაშში მსხვერპლის როლში ხარ, ძალიან რთულია იმის დაშვება, რომ სხვა ადამიანით შეიძლება დაინტერესდე, მაგრამ დაფიქრდი იმაზე, თუ რამდენ ენერგიას დაზოგავ თუ შეწყვეტ მანიპულატორთან კომუნიკაციას და იმის გამოცნობას თუ რას გრძნობს ის შენ მიმართ, ამის ნაცვლად შეგიძლია იპოვო ადამიანი, რომელიც თავს უსაფრთხოდ გაგრძნობინებს. ჰკითხე შენს თავს - მაინც რატომ აძლევ უფლებას მეორე ადამიანს საკუთარ თავში ეჭვი შეგატანინოს?

Ø  იყავი პირდაპირი: უთხარი მანიპულატორს თუ როგორ გაგრძნობინებს თავს მისი კომუნიკაციის სტილი და ქმედებები, დაე, იცოდეს საკუთარი ქცევის ზეგავლენა მეორე ადამიანზე და ისიც შენ რა გინდა რეალურად: რომ გექცეოდნენ როგორც ღირებულ ადამიანს;

Ø  არ წაახლისო მანიპულატორის ქცევა: უმჯობესია თუ არ უპასუხებ მანიპულატორის ღამეულ არაფრისმთქმელ შეტყობინებას, პირიქით, პასუხით შენ წაახალისებ მის ქცევას;

Ø  ასწავლე სხვებს თუ როგორ მოგექცნენ: ჩამოაყალიბე როგორი მოპყრობისთვის ხარ მზად ურთიერთობაში და არ დასჯერდე მასზე ნაკლებს;

Ø    გახსოვდეს: ნამცეცზე ბევრად მეტს იმსახურებ.  

      გამოყენებული სტატიების ბმულები:

        https://www.verywellmind.com/what-is-breadcrumbing-5220677

https://health.clevelandclinic.org/breadcrumbing/

https://www.simplypsychology.org/what-is-breadcrumbing.html

https://psychcentral.com/relationships/breadcrumbing

Comments