REBT - რაციონალურ-ემოციურ-ქცევითი თერაპია

ცხოვრების ახალი ფილოსოფია


რაციონალურ-ემოციურ-ქცევითი თერაპია არის ალბერტ ელისის ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც ცხოვრების ახალი ფილოსოფიის შემუშავებას გვთავაზობს და ეფუძნება რწმენას, რომ არცერთ მოვლენას თავისთავად არ ძალუძს რაიმე ემოციის გამოწვევა. ის, რაც იწვევს ბრაზს, შფოთვასა თუ დეპრესიას, არის ჩვენი რწმენები და ფიქრები ამ მოვლენის შესახებ. 
ელისის თეორიის მიხედვით, ადამიანები ფიქრობენ, რომ ნეგატიური ემოციები მათში რაღაც მოვლენამ გამოიწვია, მაგრამ არასოდეს ახსენდებათ, რომ გვაქვს არჩევანი თუ რას ვიფიქრებთ ამ მოვლენის შესახებ.
ელისმა შეიმუშავა ABC მოდელი იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი ემოციური და ქცევითი რეაქციები გამოწვეულია ჩვენი რწმენებით და არა რეალური მოვლენით:


Activating event: რაიმე რეალური მოვლენა, შემთხვევა;
Beliefs: რწმენები მომხდარი მოვლენის შესახებ;
Consequence: ემოციური რეაქცია საკუთარ რწმენებზე (და არა მოვლენაზე).

Three basic musts

ელისის აზრით, ადამიანის ნეგატიური ემოციების უმეტესობა სამი ძირითადი ირაციონალური რწმენით არის განპირობებული - სამი “მე უნდა” მოთხოვნით, რომელიც მიემართება საკუთარ თავს, გარშემომყოფებსა და გარემოს:
1. წარმატებას უნდა მივაღწიო და აღიარება უნდა მოვიპოვო, სხვანაირად, არშემდგარი ადამიანი ვარ;
2. ადამიანები ისე უნდა მომპყრან, როგორც მე ვისურვებდი მათგან. თუ ისინი სამართლიანად და კეთილგანწყობით არ მექცევიან, დასჯის ღირსები არიან;
3. ყოველთვის უნდა მივიღო ის, რაც მინდა და როცა მინდა, ხოლო რაც მე არ მინდა, ის არც უნდა მოხდეს. თუ ჩემს ცხოვრებაში ასე არ მოხდება, ნიშნავს, რომ ლუზერი ვარ.

თერაპიის მეორე ფაზა გულისხმობს საკუთარი ირაციონალური რწმენების გამოწვევას აქტიურ დისკუსიაში და კითხვების დასმას. ელისი აღნიშნავს, რომ საკუთარი ირაციონალური რწმენების აღმოჩენა და იმის გაგება თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი ჩვენს ემოციებსა და ქცევაზე, საკმარისი არ არის, ამის შედეგად ერთბაშად კარგად არ გავხდებით. ირაციონალური რწმენების აღმოჩენა და მათთან შებრძოლება არის უწყვეტი პროცესი, რომელიც დროს და ძალისხმევას მოითხოვს. 

REBT თერაპია აქცენტს აკეთებს თერაპიის მონაწილეთა ემოციურ სიჯანსაღეზე, რაც მოიცავს რეალობის მიღებას, მიუხედავად იმისა თუ რამდენად უსიამოვნოა ის. პაციენტები სწავლობენ 3 რამის მიღებას;
1. საკუთარი თავის უპირობო მიღება: მე, როგორც ყველა ადამიანს მაქვს ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები და ეს ვინმეზე უფრო ან ნაკლებად ღირებულს არ მხდის;
2. სხვების უპირობო მიღება: ზოგჯერ, ადამიანები უსამართლოდ მომექცევიან, მაგრამ არ არსებობს რაიმე მიზეზი თუ რატომ არ უნდა მომექცნენ ასე და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სამუდამოდ უღირსი ადამიანები არიან;
3. ცხოვრების უპირობო მიღება: ცხოვრება ყოველთვის ისე არ წარიმართება, როგორც მე მინდა და არ არსებობს მიზეზი თუ რატომ უნდა მოხდეს ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა. შესაძლოა, რაღაც უსიამოვნებები შემემთხვას, მაგრამ ამის გამო ცხოვრება თავისთავად საშინელი და აუტანელი არ არის.

მოდი, განვიხილოთ ასეთი ირაციონალური აზრების 11 ნიმუში და შევაფასოთ 10 ქულიან სკალაზე თუ რამდენად გვახასიათებს ისინი.

ირაციონალური აზრები
 
1.             ჩემთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ გარშემომყოფებს მოვწონდე და პატივს მცემდნენ/მაღიარებდნენ.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

 

·         ამის მიღწევა შეუძლებელია - ყველას ვერ მოეწონები;

·         თუ ყოველთვის იმისკენ იქნები მიმართული, რომ სხვებს მოეწონო, დამოუკიდებლობას დაკარგავ, სხვის ინტერესებზე მორგება მოგიწევს.

 
2.             პატივისცემა რომ დავიმსახურო, აუცილებელია მქონდეს მაღალი განათლება, წარმატებები ცხოვრებაში და ყოველთვის  მოვიქცე გონივრულად/ადეკვატურად.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

 

·         თუ მუდმივად სხვებს შეადარებ თავს, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი არასოდეს იქნები და არასრულფასოვნების განცდა  გექნება;

·         თუ იფიქრებ, რომ ყოველთვის გონივრულად უნდა მოიქცე, საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას არ მისცემ და ამ შიშის გამო ბევრი რამის კეთებისგან თავს შეიკავებ, შედეგად კი უფრო წარუმატებლად იგრძნობ თავს;

·         თუ ყოველთვის წარმატების მიღწევაზე იფიქრებ, პროცესისგან სიამოვნებას ვერ მიიღებ, რადგან შენთვის მთავარი შედეგი იქნება.

 
3.             ზოგი ადამიანი მართლა არის ბოროტი და უზნეო, ამიტომაც იმსახურებენ მხილებას და დასჯას.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

  •    ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, არღვევს წესს ან გაუცობიერებელ ზიანს აყენებს სხვებს - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ შანსი გამოასწორონ საკუთარი ქცევები?
  •  ხომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ისეთ რაიმეში გადანაშაულებდნენ, რასთანაც კავშირი არ გქონდათ? რადგან სხვები ფიქრობდნენ, რომ დამნაშავე იყავით, თავი ასეთად უნდა ჩათვალოთ და დასაჯოთ?

 
4.             საშინელებაა, როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც მინდოდა.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

·         რამდენად კატასტროფულია რაიმე მოვლენა ან წარუმატებლობა, ამას მხოლოდ თქვენ საზღვრავთ, არ არსებობს სტანდარტი. მაშინ რატომ არ შეიძლება ეს ერთ-ერთ წარუმატებლობად ჩათვალოთ?

·         სურვილების ქონა ბუნებრივია, მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იმედგაცრუება ან გულგატეხილობაც ბუნებრივი ემოციაა, მაგრამ სულ ამაზე ფიქრით ვერაფერს შეცვლით, მხოლოდ უფრო გაიმწვავებთ ემოციურ მდგომარეობას;

·         არსებობს რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ თუ ერთხელ არ გამოვიდა რაიმე, სხვა დროსაც არ გამოვა? წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გაქვთ იდეა, თუ როგორ გადაწყვიტოთ პიკის საათებში მომხმარებელთა მაღალი მომართვიანობისას რიგებისა და ლოდინის დროის გახანგრძლივების პრობლემა. თქვენ წარუდგინეთ ხელმძღვანელს ეს იდეა, მაგრამ ის გეუბნებათ, რომ ახლა ცვლილებისთვის შეუფერებელი დროა, შესაბამისად თქვენი იდეა არ იქნა დანერგილი. არის თუ არა ეს თქვენი წარუმატებლობა? - თუ კარგად გააანალიზებთ, მიხვდებით, რომ არა. თუ იცით, რომ თქვენ ყველაფერი სცადეთ, რათა სასურველი შედეგი მიგეღოთ, არის კიდევ რაიმე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, გარდა იმისა, რომ მიიღოთ ეს ფაქტი და გააგრძელოთ ფიქრი სხვა ინიციატივებზე?

 
5.             ადამიანის წარუმატებლობა გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამ პროცესს.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

·         წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გსურთ პატარა საწარმოს გახსნა, სადაც საახალწლო სათამაშოებს დაამზადებთ ხისგან და ნატურალური ქსოვილებისგან. თქვენ თვლით, რომ ასეთი სათამაშოები ბევრს დააინტერესებს, თუმცა ოჯახის წევრებს არ სჯერათ თქვენი იდეის და გაფრთხილებენ, რომ საწარმო ვერ იმუშავებს. თქვენ ითვალისწინებთ მათ აზრს და ხელს იღებთ ამ იდეის განხორციელებაზე. ცოტა ხანში იგებთ, რომ სხვამ გახსნა მსგავსი საწარმო და საშობაო ბაზრობაზე ბევრი კლიენტი ჰყავდა. როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა ოჯახის წევრები დამნაშავე თქვენს წარუმატებლობაში? - არა, თუ გარშემო მყოფები ფიზიკურად ერ ემუქრებიან ადამიანს, მაშინ ყველა სხვა ზემოქმედება მხოლოდ ფსიქოლოგიურია და იმ შემთხვევაში მოუტანს ზიანს ადამიანს, თუ ამის საშუალებას თავად მისცემს;

·         თუ თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად გაეჭვებენ საკუთარ თავში ან თქვენი კეთილგანწყობის საპასუხოდ, გულგრილობას გამოხატავენ, ხომ შეგიძლიათ, რომ მათგან ემოციურად დისტანცირდეთ? იყოთ მათ გარშემო, მაგრამ არ ამისცეთ თქვენზე ზემოქმედების საშუალება?

 
6.             თუ რაიმემ ძლიერად შეგაშინა ან საფრთხე შეგიქმნა, ამაზე წუხილს ვერასდროს შეწყვეტ და სულ იმაზე იფიქრებ, რომ შეიძლება გამეორდეს.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

·         წარმოიდგინე, რომ ჭურჭელი, რომელშიც ადუღებული წყალი ესხა, მოულოდნელად გასკდა. შენ ძლივს გადაურჩი სხეულის დამწვრობას. ამის შემდეგ, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩაის ისხამ ჭურჭელში, გეშინია, რომ ჭიქა შეიძლება დაიმსხვრეს და ხელი დაიწვა. იმდენად ფიქრობ ამაზე, რომ ჭიქის აღებისას ხელი გიკანკალებს და თვალებს ხუჭავ. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს? - შანსი იმისა, რომ აკანკალებული ხელიდან ჭიქა გაგივარდეს და ცხელი წყალი გადმოგესხას, ბევრად მეტია, ვიდრე კერამიკული ჭურჭლის გახეთქვის ალბათობა, რადგან თუ კარგად გაეცნობი კერამიკული ნაწარმის შექმნის პროცესს, ის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება და გახეთქვის ალბათობა ძალიან დაბალია.

·         რაიმე შემაშინებელ მოვლენაზე დარდით ამ მოვლენას ვერ შეაჩერებთ, თუმცა როდესაც ის მართლა მოხდება, შეიძლება იმაზე მწვავედ აღიქვათ, ვიდრე სინამდვილეში არის.

 
7.             ზოგ პრობლემას თუ ვალდებულებას უბრალოდ უნდა გაერიდო, მათთან გამკლავება შეუძლებელია.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

·         პრობლემის იგნორირებამ შეიძლება ახალი პრობლემები წარმოშვას, რომელთან გამკლავებაც უფრო რთული იქნება;

·         თუ ვალდებულებების შესრულებაზე უარს იტყვით, შესაძლოა საკუთარი თავის რწმენა დაკარგოთ;

·         თუ თქვენ შეგიძლიათ ისე აირიდოთ პრობლემა, რომ ზიანი არ მოგადგეთ არც თქვენ და არც გარშემომყოფებს, გააკეთეთ ეს, მაგრამ თუ აუცილებელია, რომ ის გადაჭრათ, მაშინ თავის არიდებით კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანთ საკუთარ თავს;

·         იოლი ცხოვრება ბედნიერ ცხოვრებას ნიშნავს?

 
8.     ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს ვინმე უფრო ძლიერი, ვისაც დაეყრდნობა.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

·         ადამიანები გარკვეულწილად ისედაც არიან ერთმანეთზე დამოკიდებული, ამის კიდევ უფრო გაზრდა ინდივიდუალობის, ნების თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სრულიად დაკარგვას გამოიწვევს;

·         გქონდეს მუდმივად სხვა შენზე უფრო ძლიერის დახმარების იმედი, ნიშნავს არასოდეს განვითარდე, არასოდეს გარისკო და შენი ცხოვრება სხვას გადაულოცო;

·         როდესაც ეს აუცილებელია, უნდა შეგვეძლოს დახმარების თხოვნა და მიღება, მაგრამ თუ ყველა საქმეს იმ იმედით წამოიწყებთ, რომ დაგეხმარებიან, მაშინ რა ადგილი გიჭირავთ თქვენ თქვენს ცხოვრებაში?

 
9.             წარსულს ვერასოდეს გაექცევი. ადამიანების ქცევას აწმყოში განსაზღვრავს წარსულში მომხდარი მოვლენები და მიღებული განცდები.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

·         წარმოიდგინე, რომ შენს კლასში ერთადერთი ჭარბწონიანი ბავშვი იყავი, რაზეც ყოველდღიურად გაქილიკებდნენ, ტკბილეულს გტაცებდნენ ხელიდან ან თამაშში არ გრთავდნენ. ეს ყველაფერი გულს გტკენდა, არ იცოდი როგორ მოქცეულიყავი, ამიტომ უბრალოდ შეწვიტე კლასელებთან კომუნიკაცია და მათთან დამეგობრების სურვილი. შენ ახლა ზრდასრული ხარ, ისევ საკმაოდ ‘ფუმფულა’, მაგრამ თვითონ ეს არ გაწუხებს, თუმცა, იმ გამოცდილების გამო, რაც სკოლაში მიიღე ვინმეს დამეგობრებას ახლაც გაურბიხარ. როგორ ფიქრობ, ასე უნდა იყოს თუ უბრალოდ შიშის გადალახვა არ გინდა? ის მოცემულობა, როდესაც ბავშვი იყავი და არ იცოდი სხვა რა მეთოდისთვის მიგემართა, ახლაც იგივეა?

·         თუ შენ გინდა თავი გაიმართლო, რომ რაღაც მავნე ჩვევის მოშორება არ გინდა, შესაძლებელია წარსული გამოცდილება გაიხსენო, მაგალითად თქვა, რომ მოწევა იმიტომ დაიწყე, რომ სხვანაირად კლასელების იმ ჯგუფში არ მიგიღებდნენ, რომელშიც შენ გინდოდა ყოფნა. როგორ ფიქრობ, ახლა როდესაც ზრდასრული ხარ, უნდა შეეგუო რაიმე ულტიმატუმზე დაფუძნებულ ურთიერთობას? იმის გამო, რომ ეს ქცევა წარსულში სწორად გეჩვენებოდა და გამოგადგა, რომ სასურველი მიგეღო, ახლაც ასე უნდა იყოს?

·         წარსულის გამოცდილება შესაძლოა გამოიყენო აწმყოში შენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად.

 
10.           ადამიანს საკუთარივით უნდა აღელვებდეს სხვების პრობლემები და წუხდეს მათზე.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

·         სხვების პრობლემები მხოლოდ სხვების პრობლემებია;

·         თუ ხედავთ, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ გარშემომყოფებს თავიანთ პრობლემებთან გამკლავებაში, შეგიძლიათ ეს გაკეთოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ.

 
11.          ყოველი პრობლემისთვის არსებობს მისი გადაწყვეტის ყველაზე სწორი და იდეალური გზა, თუ მას არ იპოვი, კატასტროფა გარდაუვალია.
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ არის ეს აზრი ირაციონალური?

        წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეძებთ პრობლემის გადაჭრის სრულყოფილ გზას. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ იმაზე თუ რა მოხდება ასეთი გადაჭრის გზა რომ ვერ იპოვოთ. იმდენად ღელავთ ამაზე, რომ პანიკა გემართებათ. პერფექციონიზმისკენ თქვენი სწრაფვა ბოლოს იმით სრულდება, რომ ყველაზე ნაკლებად სარგებლიან გამოსავალს ირჩევთ.

        თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი და აირჩიოთ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე საუკეთესო გამოსავალი და მიიღოთ ის ფაქტი, რომ იდეალური გადაწყვეტა არ არსებობს, ის მხოლოდ თქვენს წარმოსახვაშია შესაძლებელი.

ასეთი მცდარი წარმოდგენები ძალიან გავრცელებულია თითქმის ყველა ტიპის საზოგადოებაში. როდესაც ადამიანი მათ აღიქვამს, როგორც ჭეშმარიტ დებულებებს და საკუთარ თავს მათი მიხედვით აფასებს, ის მიდრეკილია მუდმივი შფოთვისკენ, ხდება რიგიდული, ინერტული, მტრულად განწყობილი, თავდაცვაზე ორიენტირებული, მუდმივად აქვს დანაშაულის განცდა და თავს უბედურად თვლის. ხოლო, თუ ადამიანი გათავისუფლდება ამგვარი ირაციონალური აზრებისგან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იმედგაცრუებამ ან შფოთვამ იმძლავროს მასზე.


Comments