ერთ ღამესაც, სიკვდილზე ფიქრმა სრულად ამიტანა. თუ ექიმები ვერ არკვევდნენ რა მჭირდა, მაშასადამე რაღაც უკურნებელი უნდა ყოფილიყო და ვერაფერი ეშველებოდა. ჰოდა ასე დაიწყო პანიკის შეტევა.
ჩემთვის პანიკის შეტევა ასე გამოიყურება: გინდა გაიქცე რაც შეიძლება შორს, მაგრამ არსად გეგულება უსაფრთხო ადგილი, რადგან საფრთხე შენს თავშია. დარწმუნებული ხარ, რომ მოკვდები და ამას ვერაფერი შეაჩერებს, კონტროლს კარგავ ყველაფერზე, ცხოვრება ხელიდან გეცლება, ან მოკვდები ამ მომენტში ან პანიკას ვერასდროს დააღწევ თავს, სხვა ვარიანტი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ახლა შენ მას ვერ ხედავ.
აი ასეთ ფიქრებში მოუსვენრად დავდიოდი წინ და უკან სტუდენტური საცხოვრებლის აბაზანაში. რაღაც მომენტში იატაკზე დავწექი, ფეხები მაღლა ავწიე, წრიულად ვამოძრავებდი და ჩემ თავს ვეჩურჩულებოდი, იქნება და დამემშვიდებინა. დროის შეგრძნება სრულიად დავკარგე, არც კი ვიცი, იმ აბაზანაში რამდენიმე წუთი ვიყავი თუ საათები გავიდა, მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ვინმე იატაკზე, მკვდარს მიპოვიდა. იმ საღამოს ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრში აღმოვჩნდი, სადაც მითხრეს, რომ პანიკის შეტევა მქონდა და დამამშვიდებელი შემომთავაზეს, რაზეც უარი ვუთხარი. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იყო, ხმამაღლა უნდა მეყვირა „სიამოვნებით-თქო“ და მადლიერებით მიმეღო ეს მედიკამენტი. იმ საღამოს მივხვდი, რომ უბრალოდ კი არ ვშფოთავდი დროდადრო, შფოთვითი აშლილობა მქონდა და ყველაფერი საკმაოდ რთულად იყო.
ირაციონალური რეაქცია
კოგნიტურ-ქცევით თერაპიასთან შეხებამ დამანახა, რომ ჩემს შფოთვით ფიქრებში წამყვანი სტილია „კატასტროფიზირება“, რაც ნიშნავს ყველაზე ცუდი სცენარების წარმოდგენას და პრობლემის დანახვას თითქოს სამყაროს დასასრული დადგა. სამსახურში რაღაც გავაფუჭე? - გამომაგდებენ და უსახლკარო ვიქნები. როცა დილით ვიღვიძებ, პირველი შეგრძნება ნერვული დაძაბულობაა, ყველაზე ცუდ დღეებში - უსუსურობისა და ჩაძირვის განცდა, თითქოს რასაც არ უნდა მიმზადებდეს ცხოვრება ამ დღისთვის, ვერ გავუმკლავდები.
როცა რაიმე ახალი ხდება ან ცვლილებაა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი პირველი ემოცია არის შიში, ალბათ ამიტომაც მეზიზღება კოლეჯში მისვლის პირველი დღე ასე ძალიან. ბევრს ვფიქრობ თითოეულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ვიღებ, ურთიერთობებზე ადამიანებთან, ვიღვიძებ ღამე და გონებაში ვაბრუნებ ყველა ჩემს ქმედებასა თუ ნათქვამს დღის განმავლობაში და უხერხულობისგან ვიშმუშნები, როცა საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ადამიანები სავარაუდოდ, განმსჯიან, მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ მაქვს.
საათებს ვატარებ ჩემს მომავალზე დარდში, წარმოვიდგენ იმ დღეს, როცა უკვე ასაკოვანი ვიღვიძებ და ვხვდები, რომ მთელი ცხოვრება ისეთი რამეების კეთებაში გავატარე, რაც მძულდა, არასოდეს მქონია რომანტიკული ურთიერთობა, უბრალოდ ვარსებობდი და ვერ ვიღებდი ცხოვრებისგან იმას, რაც მინდოდა. ზოგჯერ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ჩემი გონება მეტყვის ხოლმე რომ ახლა პანიკის დროა. შეიძლება ქუჩაში მივსეირნობდე ან თეატრში ვიჯდე და უცებ დიდი წითელი ასოებით გაიელვებს ეს ფრაზა „შენ ახლა არ უნდა ღელავდე?!“ და ჩემი გულისცემა მაშინათვე აღწევს პიკს, შეგრძნება მაქვს, თითქოს გულის შეტევა მეწყება და შფოთვა კიდევ უფრო ძლიერდება. უნდა ითქვას, ჩემი გონება ხშირად არც ისე სახალისო ადგილია დროის გასატარებლად.
შფოთვის სპირალის ცენტრში ყოველთვის არის დანაშაულისა და უძლურების განცდა, რაც ხშირად თვითონ შფოთვაზე მძიმეა. აი ჩემს სპირალში ასეთი ფიქრებია:
• ახლა ძალიან ვშფოთავ და ამის შეჩერება არ შემიძლია;
• ჩემი ცხოვრება საშინელია და ამ განცდას ვერ ვიტან;
• ყოველთვის ასე ვიქნები;
• ბედნიერი და ლაღი არასოდეს ვიქნები;
• ლუზერი ვარ, ყველას შეუძლია ცხოვრობდეს ლაღად, ჩემს გარდა;
• თუ ერთხელ მაინც დამიცდა ფეხი, მთელ ცხოვრებას გავინადგურებ;
• არავის მოვწონვარ სინამდვილეში, უნიჭოდ ცდილობენ ამის მოჩვენებას;
• არ მგონია ვინმეს შევუყვარდე ჩემი შფოთვებით;
• ამჯერად შფოთვას ალბათ თავს ვერ დავაღწევ.
აი ასე და კიდევ უამრავი ფრაზა შეიძლება დაემატოს, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ ძალიან დიდი დრო მჭირდება დავარწმუნო საკუთარი თავი მათ სიცრუეში.
ბოლო წლების განმავლობაში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა თითქოს მცირდება და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ შფოთვითი აშლილობის ან სხვა მენტალური პრობლემის მქონე ადამიანს არ შეუძლია ერთბაშად მოიშოროს ყველა შფოთვითი განცდა და ფიქრი, როგორც ვთქვათ მკლავმოტეხილი ადამიანი შეძლებდა თავისი მკლავის შეხორცებას. თითქოს კარგი განზრახვით დასმული კითხვები „რატომ არ დაიწყებ ფიქრს სხვა რამეზე?“ ან „შეგიძლია უბრალოდ მოეშვა?“ ძალიან ხშირად სრულიად უსარგებლოა და შფოთვის მქონე ადამიანს კიდევ უფრო ცუდად აგრძნობინებს თავს, თითქოს მათ შეეძლოთ ასე, ერთი ხელის მოსმით ამ ყველაფრისგან გათავისუფლება..
მიღების მტკივნეულად ნელი პროცესი
მიუხედავად იმისა, რაც თავად ვთქვი ამწამს, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ საკუთარი მენტალური პრობლემის მიმართაც იგივე დამოკიდებულება არ მქონოდა. მე ხშირად ვგრძნობ თავს სუსტად, მგონია, რომ ტვირთი ვარ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიყვარს, რადგან ზოგჯერ მე განსაკუთრებული მხარდაჭერა და მზრუნველობა მჭირდება, იმ ბნელ მომენტებში, როდესაც თავადაც ვერ ვხსნი საიდან მოდის ჩემი შფოთვა და რა მემართება. ხშირად ვითხოვ საკუთარი თავისგან, რომ ვაკონტროლებდე ამ სიტუაციას, წარმოიდგინეთ, საკუთარ გონებასა და ფიქრებს თუ ვერ ვაკონტროლებ, ხომ უძლური და სუსტი ვარ? რაციონალური პასუხი ამაზე არის - არა, მაგრამ ხშირად მიჭირს საკუთარი თავის დარწმუნება ამაში.
თერაპია შველის, მედიკამენტები და მედიტაციაც (როდესაც წარმატებით ვახერხებ ამას). მიუხედავად ამისა, შფოთვა ალბათ ყოველთვის მექნება. ჩვეულებრივ, ჩვენ ვახერხებთ თანაცხოვრებას, მე აღარ ვიჯერებ იმ ტყუილებს ზემოთ რომ ჩამოვთვალე, მაგრამ, ზოგჯერ ჩემი გონება ციხე ხდება, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია და ის ფიქრები ისევ ახერხებენ ჩემს დარწმუნებას.
მე ჯერ კიდევ ვსწავლობ როგორ გავხდე უფრო კეთილი საკუთარი თავის მიმართ ასეთ მომენტებში. ვსწავლობ, როგორ მოვაშორო შფოთვა ჩემს პიროვნებას, რეალურად, ის ჩემი ნაწილია, მაგრამ მე არ განმსაზღვრავს. ვცდილობ მივიღო ის რეალობა, რომ მაშინაც, როცა შფოთვითი ფიქრები სადღაც ქრებიან, ისინი დაბრუნდებიან და მე ყოველ ჯერზე შევძლებ მათგან თავის დაღწევას. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ ყოველდღიური ბრძოლა საკუთარ გონებასთან არ მაქცევს სუსტად ან უძლურად, სინამდვილეში კაი badass ტიპი ვარ, მშფოთვარე, ბევრი ფიქრის მოყვარული, საყვარელი, შეუდრეკელი ადამიანი და ეს სიმართლეა".
წყარო: https://www.psycom.net/living-with-anxiety/lies-my-anxiety-tells-me/
Comments
Post a Comment