როდის ვატყუებთ საკუთარ თავს?

იცით რა არის თავის მოტყუება? მახსოვს ადამიანები ჩემს გარშემო, რომელთაც სერიოზული ცხოვრებისეული კრიზისი ჰქონდათ, ზოგი მათგანის ქორწინება წარუმატებლად დასრულდა, ზოგიერთმა 30 წლის ასაკს ისე მიაღწია, რომ არ იცოდა ვინ იყო და რა უნდოდა. იგივე ადამიანები უამრავ თვალისმომჭრელ ფოტოებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელებში, ირუჯებოდნენ აუზზე საუცხოო საცურაო კოსტუმებში, გათენებამდე ცეკვავდნენ ღამის კლუბებში, აღნიშნავდნენ ერთმანეთის დაბადების დღეებს. ყოველი ასეთი "გართობის" მერე მე ვუყურებდი მათ ცარიელ თვალებს და ვხედავდი, რომ არაფერი შეცვლილა. მაშინ პირველად გამიჩნდა აზრი, რომ ადამიანები საკუთარი თავის მოტყუებით არიან დაკავებული. როდესაც ბრჭყვიალა ფოტოებით გვარწმუნებენ, რომ ერთობიან, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავს გაურბიან; როდესაც გვახარბებენ თავიანთ ბევრ მეგობარს, სინამდვილეში მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინიათ; როდესაც გვეუბნებიან, რომ უამრავი განსხვავებული ინტერესი აქვთ ცხოვრებაში, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ ჰქონდეთ დრო საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის. ადამიანები საკუთარ თავთან ურთიერთობას გაურბიან.

დარწმუნებული ვარ, გაიფიქრებთ, რომ მე თვითონ არ ვარ ცხოვრების აზრზე და საცურაო კოსტუმებში პოზირება, მეგობრების ყოლა და ღამის კლუბებში სიარული სასიამოვნო აქტივობაა, რომელსაც ბევრი ადამიანი სწორედ რომ გასართობად მიმართავს. გეთანხმებით. და აქვე განვმარტავ რატომ მგონია, რომ ჩემს მიერ აღწერილი ადამიანები საკუთარ თავს ატყუებდნენ: ისინი კლუბში ან კონცერტზე მიდიოდნენ არ იმისთვის, რომ ეცეკვათ, არამედ იმისთვის, რომ ხმამაღალი მუსიკის ხმაურში საკუთარი ფიქრების ხმა არ გაგეგოთ, იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო არ დარჩენილიყვნენ. ასეთ დროს, გართობა გართობა არ არის, ის გაქცევის მცდელობაა. მატყუარებად ადამიანების შეფასება არც ისე პროფესიონალური მიდგომაა ფსიქოლოგის მხრიდან, ამიტომ მე ვეძებდი თავის მოტყუების მექანიზმის უკეთეს, მეცნიერებასთან ახლოს მყოფ ახსნას და ეს ვიდეო ვიპოვე:

Avoidance - სტრესში მყოფი ადამიანი ხშირად მიმართავს ყურადღების გადამტან აქტივობებს: საათობით უყურებს საყვარელ სერიალს ან ტელეშოუს, ეძებს საინტერესო კომპიუტერულ თამაშებს, იღებს დიდი რაოდენობით საკვებს ან ალკოჰოლს, წყვეტს კონტაქტს გარშემომყოფებთან, ძალიან დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში და სხვა. ეს აქტივობები მას ემოციურ გაბრუებაში ეხმარება, რათა ყველაფერი რაც აწუხებს, დროებით ჩააჩუმოს და აღარ იფიქროს მათზე. ქართულად, ამ ქმედებას გაქცევა ან თავის არიდება შეიძლება ვუწოდოთ.

მოდი, აქვე განვმარტოთ, რომ თავის არიდების ქცევა განსხვავდება რელაქსაციისგან.

Relaxation - მოიცავს ყველა ისეთ აქტივობას, რომელსაც ადამიანისთვის განტვირთვა და სიმშვიდე მოაქვს. ასეთი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მთავარი ისაა, რომ აქტივობის ბოლოს ადამიანს უნდა ჰქონდეს მოდუნების, გონების დაწმენდის, მისი მენტალური ენერგიის განახლების განცდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ სხვაობა სტრესთან გამკლავების ამ ორ სტრატეგიას შორის?

უსიამოვნო ემოციებისგან გაქცევას შეუძლია შფოთვის შემცირება. თუ იმედგაცრუებული ადამიანი სახლში მისვლისთანავე საყვარელი ფილმის ყურებას დაიწყებს, ნეგატიური ემოცია დროებით დაცხრება, მაგრამ როგორც კი ფილმის ყურებას დაასრულებს, აღმოაჩენს, რომ ემოცია არსად წასულა, მან მხოლოდ ყურადღების გადატანა მოახერხა მისგან. წარმოიდგინეთ, რომ უარს ამბობთ სიყვარულზე, რადგან გულისტკენის გეშინიათ, უარს ამბობთ ოცნების ასრულებაზე, რადგან გეშინიათ, რომ ვერ განახორციელებთ და საკუთარ თავს იმედს გაუცრუებთ, უარს ამბობთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე აზრის გამოთქმაზე, რადგან ამ დროს შფოთვას განიცდით. როგორ ფიქრობთ, რა ხდება, როდესაც ასე იქცევით? როდესაც თავს არიდებთ მოქმედებას? თქვენ ვერ იღებთ იმ სიხარულს, სიმაყესა თუ სხვა პოზიტიურ ემოციას, რომელიც თქვენი სურვილების განხორცილების შემთხვევაში შეიძლება მიგეღოთ, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ არც ის უარყოფითი ემოციები არ ქრებიან არსად, რომლებისაც გეშინოდათ.

Emotional Compression - როდესაც ადამიანს არ სურს მისთვის მტკივნეული ემოციის განცდა, თავს არიდებს მას და საკუთარ თავს მხოლოდ პოზიტიური ემოციის განცდის უფლებას აძლევს, რელურად ის ახშობს იმ არხს, რომლითაც ემოციები შეიძლება შევიდეს მასში. უკეთ გასაგებად, განვიხილოთ რეალური ისტორია ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც სოციალურ მუშაკია და ჰქონდა მოხალისეობრივი იდეა სამსახურში, რომ დახმარებოდნენ ციხიდან ახალგამოსულ ქალებს ბინისა და სამსახურის მოძიებაში. ეს პროექტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ენთუზიაზმით აკეთებდა იქამდე, ვიდრე ერთ-ერთი კოლეგის ჩართულობის გამო პროექტმა სრულიად სხვა გეზი აიღო და მას აღარ ჰქონდა საშუალება თავისი საწყისი ინიციატივა განეხორციელებინა. ახალგაზრდა მამაკაცისთვის ეს იმდენად მტკივნეული იყო, რომ მან გადაწყვიტა აღარ ჰქონოდა ემოციური დამოკიდებულება სამსახურის მიმართ, ის დარჩა პროექტში, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე, აკეთებდა მხოლოდ იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ.

პრობლემა, რის გამოც მამაკაცმა ფსიქოთერაპევტს მიმართა, იყო აპათია, სრული გულგრილობა სამსახურის მიმართ, თავისი ყოველდღიური ამოცანების შესრულება ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე, სამსახურით კმაყოფილების განცდის უუნარობა, დეპრესიულობა. აღსანიშნავია, რომ თერაპიის პროცესში მას, საკუთარი ინიციატივით არ უსაუბრია ამ შემთხვევაზე, რომელმაც მისი იმედგაცრუება გამოიწვია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ფსიქოტერაპევტმა სთხოვა მას დაკავებულიყო რაიმე მოხალისეობრივი პროექტით (Passion Project), რომელიც ემოიციურ კმაყოფილებას მოუტანდა, გაახსენდა, რომ მას ასეთი ინიციატივა უკვე ჰქონდა და ყველაფერმა არც ისე კარგად ჩაიარა.

რას გვეუბნება ზემოთ აღწერილი ისტორია?

საქმე იმაშია, რომ ადამიანი ვერ შეძლებს შერჩევითად გააბრუოს თავისი ემოციები. თუ ვიტყვით, რომ მინდა მხოლოდ პოზიტიური ემოციების განცდა, ამით ნეგატიური ემოციები არსად გაქრება, მაგრამ ჩვენი უნარი, რომ განვიცადოთ ჩვენი ბუნებრივი ემოციები და გავუგოთ მათ, ძალიან დამახინჯდება. როდესაც ადამიანი თავს არიდებს მწუხარებას, ის ახშობს სიყვარულის განცდის არხსაც, როდესაც გაურბის იმედგაცრუებას, ის ვერ შეიგრძნობს იმედს. თუ ადამიანი, რომელიც განიცდის სოციალურ შფოთვას, თავს იკავებს მეგობრებთან შეხვედრისგან, რადგან არ სურს შფოთვის განცდა, ის საკუთარ თავს ართმევს იმ სიხარულს, რომელიც მეგობრებთან ყოფნას მოაქვს. ემოციების შეკუმშვის საწინააღმდეგო სტრატეგია იქნება მათი ფართო მიმღებლობა. ის რაც დეპრესიისა თუ შფოთვის მქონე ადამიანებს სჭირდებათ, არის უნარი უკეთ განიცადონ საკუთარი ემოციები და არა ის, რომ ჰქონდეთ მხოლოდ პოზიტიური ემოციები (The antidote to emotional compression and one treatment for apathy and depression and anxiety is to expand our emotional capacity. So, this is getting better at feeling instead of just focusing on feeling better).

Willingness - უნარი გაუგო შენს საკუთარ ემოციებს, გააცნობიერო ისინი განსჯისა და წინააღმდეგობის გარეშე, მისცე საკუთარ თავს უფლება იყო მგრძნობიარე, გაღელვებდეს, გტკიოდეს, უთხრა საკუთარ თავს: ძლიერ იმედგაცრუებას განვიცდი, მაგრამ მაინც შემიძლია ჩემთვის სასარგებლო არჩევანის გაკეთება.


Comments