იპოქონდრია
„კარგი იქნება, ისაუბროთ იპოქონდრიაზე. მე მხოლოდ
15 წლის ვარ და ამ პრობლემამ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ვერ ვიძინებ, რადგან
მეშინია ძილში გული არ გამიჩერდეს, მიუხედავად
იმისა, რომ უამრავი გამოკვლევა მაქვს ჩატარებული და ექიმიც მარწმუნებს რომ ჩემი
გული წესრიგშია”.
ჭერს მიჩერებული ანა, რომელსაც ძილი არ ეკარება,
ექიმის ნათქვამ ერთ ფრაზას უტრიალებს: „ტვინის სიმსივნე შესაძლოა ნებისმიერ დროს
განვითარდეს. თუ ამაზე ნერვიულობთ, 6 თვის შემდეგ განმეორებით შემოწმებაზე
მობრძანდით“. ანა საწოლში წრიალებს და განაგრძობს: „რატომ მითხრა ასე? თუ
ყველაფერი რიგზეა, მაშინ რატომ მირჩია, რომ დავბრუნდე 6 თვის შემდეგ? რატომ მაქვს
თავის ტკივილი და თავბრუსხვევა? რა მოხდება თუ ექიმებს რაიმე გამორჩათ? ყველაფერი
წესრიგში რომ ყოფილიყო, ხომ არ მეტყოდა, რომ განმეორებით შემოწმებაზე
მივსულიყავი?“ ეს კითხვები ანას იმდენად უმატებს შფოთვას, რომ ის საწოლიდან დგება
და ინტერნეტში იწყებს პასუხების ძიებას. ტვინის სიმსივნის სიმპტომების რამდენჯერმე
წაკითხვის შემდეგ ანას გული მისდის.
იმას, რაც 15 წლის მოზარდს და ანას აწუხებთ,
იპოქონდრია ჰქვია (ძველი ტერმინოლოგიით) და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვის
(Health Anxiety) ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
როგორ იქცევა იპოქონდრიის მქონე ადამიანი?
ჯანმრთელი ორგანიზმისთვის ბუნებრივ სხეულებრივ შეგრძნებებს ის საშიშად აღიქვამს და სერიოზული დაავადების სიმპტომები ჰგონია, იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო შემოწმებით რაიმე ავადმყოფობის არსებობა არ დასტურდება.
სხეულებრივი შეგრძნებები, რომლებსაც ის განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას, არის: გულისცემის სიხშირე, სუნთქვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი მუცელში, ასევე გაფაციცებული ყურადღების ობიექტებია: გული, თავის ტვინი, მხედველობა.
სხეულებრივ შეგრძნებებზე ყურადღების მიქცევა არ მთავრდება მხოლოდ მათი შემჩნევით, ის იწყებს თითოეული ახალი სიმპტომის გაანალიზებას და ცდილობს გაარკვიოს რომელ დაავადებაზე შეიძლება მიანიშნებდეს ის. ამ პროცესმა შესაძლოა იმდენად ააღელვოს, რომ მისმა სხეულმა მართლაც გამოავლინოს ნავარაუდევი „საშიში დაავადებისთვის" დამახასიათებელი სიმპტომები. მაგალითად, თუ ყოველ დღე იტანჯება იმაზე ფიქრით, რომ ტვინის სიმსივნე აქვს, შესაძლოა მართლაც გამოუვლინდეს გარკვეული სიმპტომები: წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილებიც კი. მაგრამ, როგორც კი ამ საკითხზე ნერვიულობას შეწყვეტს, სიმპტომები გაქრება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად ის ხშირად სტუმრობს ექიმებს, იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და მიმართავს განმეორებით სამედიცინო გამოკვლევებს, თუმცა იშვიათად ფიქრობს ფსიქოლოგიური დახმარების მიღებაზე, რადგან სჯერა, რომ მისი მდგომარეობა სამედიცინო პრობლემას უკავშირდება.
მას ყოველთვის შეაქვს ეჭვი სამედიცინო გამოკვლევების სისწორეში და ფიქრობს, რომ შესაძლოა ექიმებს რაღაც გამორჩათ ან შეიძლება მას რაღაც ფარული დაავადება სჭირს, რომლის აღმოჩენა მედიცინას ჯერ არ შეუძლია და ვიდრე სიკვდილის პირას არ მივა, შეიძლება ვერც გამოავლინონ.
დიაგნოზს რაიმე სერიოზული დაავადების არარსებობის შესახებ მოაქვს მხოლოდ დროებითი შვება. როგორც კი რაიმე ახალი ფიზიკური შეგრძნება გამოჩნდება, მას კვლავ ეწყება ფიქრები ახალ დაავადებაზე, მიდის ექიმთან სკრინინგზე და ასე გრძელდება, იკვრება მაგიური წრე.
ის უნდობლობითაა განწყობილი მთელი სამედიცინო სისტემის მიმართ და ფიქრობს, რომ მარტო არის დარჩენილი თავისი "ვერაგი" დაავადების წინაშე, ამიტომ იწყებს სიმპტომებში თავად გარკვევას, სხვადასხვა ინტერნეტ-წყაროებში მათ მოძიებას, რათა თავად დაადგინოს მაინც რა დაავადება აპირებს მის "მოკვლას".
მას შეიძლება სჯეროდეს, რომ ერთჯერადი გულისცემის აჩქარება შეიძლება გადაიზარდოს ისეთ სერიოზულ დაავადებაში, რომ ძილში „გაიპაროს“ ან გულის შეტევა დაემართოს.
რა არის ჭეშმარიტი და რა მცდარი იპოქონდრიის შესახებ?
- ყველა სხეულებრივი შეგრძნება/სიმპტომი, რომელსაც იპოქონდრიის მქონე ადამიანი განიცდის, რეალურია.
- იპოქონდრია არ არის სამედიცინო დაავადება, ის შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა, შესაბამისად, მენტალურ პრობლემას წარმოადგენს.
- იპოქონდრიის მკურნალობა შესაძლებელია. ყველაზე ეფექტური მეთოდი კოგნიტურ-ქცევითი თერაპიაა.
- ფიქრები, რომლებიც მოყვება სხეულებრივ შეგრძნებებს, უსაფუძვლო, გადაჭარბებული და მცდარია. თავის ტკივილი ან გულისცემის აჩქარება არ ნიშნავს, რომ თქვენ ტვინის სიმსივნე გაქვთ ან "ძილში გაიპარებით".
- იპოქონდრიას ჯანმრთელობის მუდმივი შემოწმებით ვერ დაამარცხებთ.
ზომიერ შფოთვას საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამცველობითი ფუნქცია აქვს, ის გვიბიძგებს პრევენციული სამედიცინო შემოწმებისკენ, რითაც ბევრი დაავადების დროული აღმოჩენაა შესაძლებელი.
მაშინ, რას აკეთებს იპოქონდრიის მქონე ადამიანი არასწორად?
Common mistakes people with hypochondriasis make |
Misinterpretation - სხეულებრივი შეგრძნებების არასწორი ინტერპრეტაცია. ჯანმრთელ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა შეგრძნებებით გამოიხატება, მათ შორისაა: გულისცემის აჩქარება, სისხლის წნევის ცვლილება, მხედველობის დროებით დაბლარვა, სუნთქვის გაძნელება, პირის სიმშრალე, მსუბუქი თავბრუსხვევა, კუნთების დაჭიმვა და სხვა. ეს ყველაფერი ნორმალური და ნაკლებად საზიანო ფიზიკური ცვლილებებია, რომელთა საშიში დაავადების სიმპტომებად აღქმა იწვევს შფოთვას. ფიზიკური შეგრძნებები რეალურია, მაგრამ ფიქრები მათ შესახებ არასწორი და გადაჭარბებული. წარმოიდგინეთ, რომ ინტენსიური კარდიო-ვარჯიშის შემდგომ გულისცემა ძალიან აგიჩქარდათ, რაც სრულიად ბუნებრივი რეაქციაა (მოზრდილების ნორმა წუთში 160 დარტყმაა), მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გულის შეტევის წინაპირობა შეიძლება იყოს და ისეთ ძლიერ შიშს განიცდით, რომ პულსი უფრო იმატებს, რაც გარწმუნებთ, რომ თქვენი ეჭვი მართალია. ცოტა ხანში, პანიკის შეტევა გემართებათ.. |
False assumptions - მცდარი წარმოდგენები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვით სწამთ, რომ ნებისმიერი მსუბუქი დისკომფორტიც კი სუსტი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. რაიმე ახალი დაავადების შესახებ ინფორმაციის მოსმენა საკმარისია მათთვის, რომ აეკვიატოთ შიში ამ დაავადების ქონაზე. |
|
Overestimating danger - საფრთხის გადაჭარბებული შეფასება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ოჯახის რომელიმე წევრს მძიმე სენი აღმოაჩნდა, მათაც აუცილებლად დაემართებათ იგივე: „ბიძაჩემი კიბოთი გარდაიცვალა. კიბო მეც დამემართება, ეს მხოლოდ დროის საკითხია“. საფრთხის მუდმივი განცდა სხეულებრივ შეგრძნებებზე გაფაციცებული ყურადღების მიზეზი ხდება, შედეგად კი მათ შემჩნევას იწყებენ: აანალიზებენ თითოეულ ამოსუნთქვას, გულისცემას, მხედველობის სიზუსტეს. რა ხდება ამ დროს? მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ მანქანის ყიდვა, რის მერეც ავტომატურად დაიწყეთ გზაზე შემხვედრი ყველა მანქანის შემჩნევა, მათ მოდელზე, ფერზე დაკვირვება, რაზეც აქამდე ყურადღება არასოდეს მიგიქცევიათ. ასე ხდება სხეულებრივი შეგრძნებების შემთხვევაშიც, როდესაც თქვენ მათ ეძებთ, ამჩნევთ კიდეც და რაც უფრო აქცევთ ყურადღებას, უფრო მძაფრად შეიგრძნობთ, რის გამოც შფოთვა კიდევ უფრო გიძლიერდებათ. |
|
False Alarm - ცრუ განგაში. ავტომანქანის განგაშის სისტემა ირთვება, როდესაც ვინმე მართლსაწინააღმდეგოდ ცდილობს მის დაუფლებას, მაგრამ, წარმოიდგინეთ, სირენა რომ გაჰკიოდეს ყოველ ჯერზე, როდესაც ავტომანქანას ქუჩაში მოსიარულე ადამიანი ჩაუვლის. მანქანის განგაშის სისტემა ყველა უდანაშაულო ადამიანს კრიმინალად ჩათვლიდა. დაახლოებით ასეთი რამ ხდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვის დროს, როდესაც ადამიანები მსუბუქ დისკომფორტსა და ნორმალურ სხეულებრივ შეგრძნებებს აღიქვამენ როგორც საშიში დაავადების სიმპტომებს. |
მაგიური წრე
ის, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზომიერ შფოთვას
აქცევს იპოქონდრიად, არის მაგიური წრის შეკვრა, რომელიც ასეთ რამეს
გულისხმობს:
რადგან საკუთარ ჯანმრთელობაზე შფოთავთ, სხელებრივ
შეგრძნებებს ხშირად ამოწმებთ როგორც თავად, ასევე სამედიცინო სკრინინგის მეშვეობით.
ყოველი შემოწმება შვების ნაცვლად უფრო მეტ ეჭვსა და დაბნეულობას ბადებს, რაც
სხვადასხვა სცენარების წარმოსახვისკენ გიბიძგებთ. რადგან შფოთვა გახასიათებთ, ცუდი
სცენარებისკენ ხართ მიდრეკილი და როცა ამას აკეთებთ თქვენი ორგანიზმის განგაშის
სისტემა შფოთვით გპასუხობთ, შფოთვას კი თავისი სხეულებრივი გამოხატულებები აქვს:
გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე და სხვა. ეს
ყოველივე კი გარწმუნებთ, რომ მართალი ხართ, თქვენს წარმოსახვას უფრო ამძაფრებს და
სულ უფრო კოშმარული სცენარებით აგრძელებთ მაგიური წრის შეკვრას.
ამ ვიდეოში ყველაზე თვალსაჩინოდ არის გადმოცემული თუ
როგორ იქმნება მაგიური წრე და როგორია ცხოვრება იპოქონდრიით 👇
ვიდეოში განხილული შემთხვევის მიხედვით გავაკეთოთ იპოქონდრიის მქონე ადამიანის რეაგირების სქემა. როგორც ხედავთ, ამ ადამიანების ცხოვრება ძალიან სტრესულია.
I. მააქტივირებელი მოვლენა - სამსახურის დაკარგვა |
თქვენ ახლახანს დაკარგეთ სამსახური, არ გაქვთ დანაზოგი და არც ის იცით როგორ იცხოვრებთ ახალი სამსახურის პოვნამდე. ძალიან ღელავთ და რაც უფრო ღელვათ, მით მეტად გიჭირთ გამოსავლის პოვნა. |
II. სამსახურის დაკარგვით გამოწვეული შფოთვა, რომელსაც თან ახლავს წვა გულმკერდში |
ცხადია, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ხართ და შფოთვა მოგემატათ. ამასობაში, შეამჩნიეთ წვა გულმკერდის არეში. რადგან შფოთავთ, კარგზე ვერაფერზე ფიქრობთ და სულ უფრო კოშმარული სცენარების წარმოსახვით ხართ დაკავებული. ფიქრობთ, რომ ეს შეგრძნებაც გულის პრობლემის ნიშანი შეიძლება იყოს და თქვენი ეჭვის გადასამოწმებლად ინტერნეტში იწყებთ ინფორმაციის მოძიებას. |
III. შფოთვისთვის დამახასიათებელი სიმპტომის აღქმა საშიში დაავადების ნიშნად |
მეასე მცდელობაზე რომელიმე სოციალურ ჯგუფში გადააწყდით ერთ-ერთი წევრის კომენტარს, რომ მის მეგობარს ზუსტად გულმკერდში წვა აწუხებდა სანამ ერთ საღამოს ძილში არ გარდაიცვალა გულის შეტევით. თქვენი შფოთვა ძლიერდება, ახლა თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ გულის პრობლემა გაქვთ და აგრძელებთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას მეტი მტკიცებულების მოსაპოვებლად. და რა ხდება? თქვენ მართლაც იწყებთ იმ სიმპტომების შემჩნევას, რომლებიც ინტერნეტში ნახეთ. |
IV. განმეორებითი სამედიცინო შემოწმება, დროებითი შვება |
თქვენ დაიწყეთ გულმკერდში წვის შეგრძნებით, ახლა კი გიძნელდებათ სუნთქვა და გიჭირთ მისი რეგულირება, მაშინაც კი, როდესაც რელაქსაციას ცდილობთ. ეს ყველაფერი უფრო მეტად გარწმუნებთ იმაში, რომ თქვენი თეორია გულის პრობლემის შესახებ მართალია. თქვენ შეიძლება დაბრუნდეთ კარდიოლოგთან, რომელმაც ორი თვის წინ უკვე გითხრათ, რომ თქვენი გული წესრიგშია, მაგრამ ამჯერად, თქვენ ბევრად მეტი სიმპტომი გაქვთ, ვიდრე მაშინ გქონდათ, მაგალითად სუნთქვის გაძნელება, ან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფეხები ოდნავ შეშუპებული გაქვთ. ექიმი გამოწმებთ, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ გული კარგად მუშაობს და ვარაუდობს, რომ თქვენი სიმპტომები შესაძლოა შფოთვის ბრალი იყოს. |
V. ეჭვები: იქნებ ექიმს რაიმე
გამორჩა?
ფიქრების ახალი ტალღა |
თქვენ ცოტათი მშვიდდებით, ბოლო-ბოლო ექიმის კაბინეტში ხართ და ის გეუბნებათ, რომ გული წესრიგშია, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ ხართ: „როგორ შეეძლო ექიმს დაედგინა კარგად მუშაობს თუ არა ჩემი გული, როდესაც მას ექოსკოპიაც კი არ გაუკეთებია?“ ასე რომ, თქვენ სახლში იმაზე შეშფოთებული ბრუნდებით, ვიდრე აქამდე იყავით, აღარ ენდობით არც ექიმს და არც ზოგადად სამედიცინო სისტემას და ფიქრობთ, რომ თქვენს პრობლემასთან ხართ მარტო: მხოლოდ თქვენ და ინტერნეტი. |
VI. სხეულებრივი შეგრძნებების კონტროლის გაგრძელება |
რა ხდება ამის შემდეგ? თქვენ იღვიძებთ და ხვდებით, რომ ძილში არ გაიპარეთ, როგორც იმ ინტერნეტ-მომხმარებლის მეგობარი, თქვენი სიმპტომები ოდნავ მცირდება/სუსტდება, ცოტა ხნით იჯერებთ, რომ კარგად ხართ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითა, ვიდრე კრიზისი დაიწყება, ამიტომ ფხიზლად გიჭირავთ თვალი თქვენს სიმპტომებზე. თქვენ მიმართავთ სხეულის მდგომარეობის მუდმივ შემოწმებას/სკრინინგს. ამოწმებთ ყველა შეგრძნებას, რომელსაც გულის მუშაობასთან აკავშირებთ, რათა არ გამოგრჩეთ თუ რაიმე წესრიგში არ იქნება. ერთადერთი, რასაც თქვენი ყურადღების გადატანა შეუძლია, არის რაიმე ახალი სიმპტომის გამოვლენა, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ რაღაც სხვა დაავადება შეიძლება გქონდეთ. |
რა მოვუხერხოთ იპოქონდრიას?
ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი
კოგნიტურ-ქცევითი თერაპიაა (CBT).
!!! თერაპიის დაწყებამდე უნდა
გამოირიცხოს რაიმე ფიზიკური პრობლემის არსებობა.
ეს არის თერაპია, რომელიც ფოკუსირებულია
იმაზე თუ რას ვფიქრობთ და როგორ ვიქცევით. თერაპიის მთავარი კონცეფციაა ისა,
რომ ჩვენი ფიქრები მოვლენის შესახებ გავლენას ახდენენ ჩვენს ემოციებსა და
ქცევაზე. შფოთვას იწვევს არა უშუალოდ მოვლენა, არამედ ის თუ რა
მნიშვნელობას მივანიჭებთ მას, როგორ განვსაზღვრავთ. როცა შფოთავ, შენს
ფიქრებს უამრავ მნიშვნელობას ანიჭებ და შესაბამისად,
ძალას. CBT გვეხმარება დავამარცხოთ შიშები სწორედ ამ ირაციონალური
ფიქრებისგან გათავისუფლებით და არაადაპტური ქცევების შეცვლით.
Comments
Post a Comment