პოლიტიკური ძალის სოციო-ფსიქოლოგიური ანალიზი
ვის ეფუძნება ავტორიტარული სისტემა: მორალური შეფასების მიღმა
პოლიტიკური ძალის სოციალური ბაზის ანალიზი მხოლოდ მორალური აღშფოთებით არ მუშაობს. როდესაც ვამბობთ, რომ კონკრეტული პარტია „ცუდ ადამიანებს“ ეყრდნობა, ჩვენ არაფერს ვხსნით — ვამბობთ მხოლოდ იმას, რაც უკვე ვიცით. რეალური კითხვა სხვაა: რატომ მუშაობს ეს სისტემა და ვისთვის არის ის ფუნქციური?
მმართველი პარტია არ ეფუძნება ერთგვაროვან სოციალურ ჯგუფს. მას ჰყავს მხარდამჭერები სხვადასხვა კლასის, განათლების დონისა თუ ცხოვრების გზის მიუხედავად. თუმცა მისი სტაბილური და ერთგული საყრდენი მნიშვნელოვანწილად შედგება იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც სოციალური სტატუსის ლეგიტიმური გზით მიღწევა ან რეალურად მიუწვდომელია, ან სუბიექტურად აღიქმება როგორც ზედმეტად ხანგრძლივი, მტკივნეული და ფსიქოლოგიურად საფრთხის შემცველი პროცესი.
1. სოციალური ანომია და მყიფე იდენტობა
დანაშაულის (და ფართო გაგებით, დევიაციის) ახსნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდელად ითვლება რობერტ კ. მერტონის სოციალური ანომიის თეორია. მერტონის მიზანი არ ყოფილა კონკრეტული სოციალური ჯგუფების დემონიზება. პირიქით — მან სცადა აეხსნა, როგორ ქმნის თვითონ საზოგადოებრივი სტრუქტურა პირობებს დევიაციური ქცევისთვის.
მერტონის მიხედვით, თითოეულ საზოგადოებაში არსებობს კულტურულად განსაზღვრული უმაღლესი მიზნები (წარმატება, სტატუსი, სიმდიდრე) და ლეგიტიმური გზები ამ მიზნების მისაღწევად. პრობლემა (ანომია) ჩნდება მაშინ, როდესაც მიზანი ყველასთვის ერთია, მაგრამ გზები — სტრუქტურულად ჩაკეტილი. ამ კონტექსტში არალეგიტიმური გზების არჩევა არის არა მორალური დეგრადაცია, არამედ ადაპტაციის ფორმა.
ქართული კონტექსტი ამ მოდელს პირდაპირ არ იმეორებს (აქ საქმე ყოველთვის უკიდურეს სიღარიბესთან არ გვაქვს), მაგრამ მისი ლოგიკა მკაფიოდ იკითხება პიროვნულ დონეზე. აქ ანომიას შობს სტატუსის შიში და პიროვნული დაუცველობა.
არსებობს ადამიანების ფართო ჯგუფი, რომელთა ქცევასაც ღრმა ნარცისული დაუცველობა (Narcissistic Vulnerability) და ეგოს დაცვის მყიფე მექანიზმები მართავს. მათთვის:
- კრიტიკა აღიქმება არა უკუკავშირად, არამედ პირად შეურაცხყოფად და საკუთარი არსებობის მუქარად;
- უარი - არა დროებით დაბრკოლებად, არამედ თვითშეფასების ტოტალურ განადგურებად;.
- გრძელვადიანი კონკურენცია — როგორც დამამცირებელი, ეგოსთვის აუტანელი და საშიში სივრცე.
ამ ადამიანებისთვის პროფესიული განვითარება, თვითირონია და შეცდომაზე სწავლა არ არის ბუნებრივი გზა, რადგან მათი იდენტობა ზედმეტად მყიფეა ასეთი მტკივნეული პროცესებისთვის.
შესაბამისად, მათთვის "პოლიტიკაში შესვლა" ხდება ალტერნატიული მოკლე გზა: სისტემა ამ ადამიანებს სთავაზობს მარტივ გაცვლას — ლოიალობა დაცულობის, სტატუსისა და რესურსების სანაცვლოდ . ეს არ მოითხოვს შინაგან ზრდას, პროფესიულ კონკურენციას ან თვითრეფლექსიას. საჭიროა მხოლოდ ერთგულება და უპრინციპობა. პოლიტიკა მათთვის ხდება არა ღირებულებითი არჩევანი, არამედ ფსიქოლოგიური გადარჩენის სტრატეგია.
2. ისტორიული ტრავმა: ნდობის ორი სიკვდილი და ინფანტილიზაცია
იმის გასაგებად, თუ როგორ იქცა პიროვნული დაუცველობა პოლიტიკურ რესურსად, უნდა შევხედოთ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას.
ა) 90-იანები → სახელმწიფოს არყოფნა
90-იან წლებში გაზრდილი თაობის გამოცდილებაში სახელმწიფო ჩაკეტილ, ცინიკურ სივრცედ აღიქმებოდა, სადაც ძალაუფლება და ღირსება მკვეთრად იყო გამიჯნული: მცირე, უზრუნველყოფილი ელიტა აკონტროლებდა რესურსებს, ხოლო უმრავლესობა გადარჩენისთვის იბრძოდა.
ბ) ვარდების რევოლუცია → იმედის დაბადება და მისი ფუნდამენტური ნაკლი
2003 წლის ხელისუფლების ცვლილებამ სწრაფი გარდაქმნების ეპოქა გახსნა. 90-იანი წლების სიღარიბისა და ქაოსის შემდეგ ახალ მმართველობას სურდა ადამიანებისთვის იმედის ნაპერწკლის გაჩენა, მოქალაქედ ქცევა და ისეთი ცხოვრების სტილის ჩვენება, რომელიც აქამდე მხოლოდ ვიწრო სამთავრობო ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი. რეფორმებმა (განსაკუთრებით განათლებაში) შექმნა კონკურენციისა და უნარების ენა.
თუმცა, ამ გარდატეხას ერთი ფუნდამენტური ნაკლი ჰქონდა: საზოგადოების დიდ ნაწილში ვერ ჩამოყალიბდა მოქალაქეობრივი ცნობიერება. ბევრმა ვერ გაიაზრა, რომ სახელმწიფო კეთილი ნების გამომხატველი სუბიექტი კი არა, ვალდებულებებით შეზღუდული მექანიზმია. შედეგად, მოქალაქედ აღიარება აღიქმებოდა როგორც მმართველი ძალის „საჩუქარი“ და მადლიერების მდგომარეობა, და არა როგორც სტრუქტურული ნორმა.
გ) ნდობის მეორე კოლაფსი და ახალი პატრონის ძიება
როდესაც მოგვიანებით გამოიკვეთა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და ინსტიტუციური გადახრები, საზოგადოებამ ეს აღიქვა არა როგორც დემოკრატიული პროცესის კრიზისი, არამედ როგორც პირადი ღალატი. ძლივს აღდგენილი მოქალაქეობრივი ნდობა კვლავ დაიმსხვრა.
ამ ნდობის ტრავმამ უდიდესი როლი ითამაშა 2012 წლის შემდგომ არჩევანში. იმედგაცრუება ადვილად გადაიქცა ახალი პატრონის ძიებად, რაც კლასიკური გამოხატულებაა პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში გამჯდარი დასწავლილი უმწეობის (Learned Helplessness) ფენომენისა. როდესაც სუბიექტს არ სჯერა, რომ საკუთარ ბედზე ან გარემოზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია, პასუხისმგებლობა სრულად გადააქვს გარე, ყოვლისშემძლე ფიგურაზე. გაჩნდა პატერნალისტური მოლოდინი, რომ ძალაუფლება უნდა ჰქონოდა „ძლიერ“, „გარედან მდგომ“ ფიგურას, რომელიც პირადი მატერიალური სიმდიდრის გამო „ხალხისთვის იმუშავებდა“.
საზოგადოებრივი ინფანტილიზაცია და მორალური პარადოქსი:დასავლური ღირებულებების ნაწილი იქცა ქცევით კოპირებად (ფორმა შინაარსის გარეშე). ჩამოყალიბდა პარადოქსი: საზოგადოებაში გაიზარდა აბსოლუტური მორალური სიწმინდის მოთხოვნა იმ ლიდერების მიმართ, ვისაც სისტემის შეცვლა უნდა, ხოლო ძალაუფლების მქონეთა ამორალურობა ნორმალიზებული და იგნორირებულია. მოთხოვნები გადანაწილდა არა ძალაუფლების მასშტაბის, არამედ ემოციური ტრიგერების მიხედვით, რამაც ლიდერობის ღრმა კრიზისი გამოიწვია.
3. ვარდების რევოლუციის აჩრდილი: „ჩარეცხვის“ შიში და ელიტების რევანში
ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში დასავლური მართვის სტილის დამკვიდრებამ (ანგარიშვალდებულება, სწრაფი ტემპი, კონკურენცია) მწვავე კონფლიქტი წარმოშვა ძველ კადრებთან, რომელთაც პოზიციები კორუფციით ან ფორმალური დიპლომებით ჰქონდათ მოპოვებული. ცვლილებების სისწრაფის გამო, არ არსებობდა რესურსი რბილი გადაკვალიფიცირებისთვის, რამაც პროცესი პირად ომად აქცია.
ამ პერიოდში დამკვიდრდა ტერმინი — „ჩასარეცხი / ჩარეცხილი“. ის ადამიანები, რომლებმაც ვერ გამოიჩინეს ადაპტაციის უნარი, საჯარო სივრციდან გაუჩინარდნენ, ჩაიკეტნენ საკუთარ წრეებში და თავი ღირსებაშელახულ მსხვერპლად წარმოაჩინეს. ზოგჯერ ხდებოდა „ავტორიტეტით ვაჭრობაც“ — მმართველობა ფორმალურად ინარჩუნებდა ძველ სახეებს საზოგადოებრივი მისაღებობისთვის, თუმცა რეალურ საქმეს ახალგაზრდა ასისტენტებს აბარებდა.
დღეს მმართველი ძალის პროპაგანდისტული საყრდენის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმ ადამიანებზეა აგებული, ვისთვისაც სტატუს კვო უფრო კომფორტული აღმოჩნდა, ვიდრე რეალური კონკურენცია. ეს არ არის ასაკის პირდაპირი ფუნქცია — ამ ჯგუფში მრავლად არიან ახალგაზრდებიც, რომელთათვისაც ძალისხმევის გარეშე მიღებული სარგებელი უფრო მიმზიდველია.
ამ გამოცდილებამ საზოგადოებაში დაამკვიდრა სახიფათო კოლექტიური მეხსიერება: ცვლილება ასოცირდა არა პროგრესთან, არამედ დამცირებასთან და სტატუსის დაკარგვასთან. ის, ვინც დღეს დუმილს ირჩევს, ხშირად წარსულში დამარცხებულია — მისთვის სტატუს კვო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თავისუფლება.
4. მდუმარე უმრავლესობის ფენომენი: დუმილი როგორც ცნობიერი არჩევანი
ავტორიტარული რეჟიმები იშვიათად დგანან მხოლოდ აქტიურ მხარდამჭერებზე — ისინი ბევრად უფრო ეფექტიანად ინარჩუნებენ სტაბილურობას გახანგრძლივებული დუმილის ხარჯზე. საზოგადოებრივ დისკურსში მათ „გაყურსულებს“ უწოდებენ.
აქტიური პროტესტი ამ ადამიანებს ხშირად მორალური გაკიცხვით მიმართავს, თითქოს ისინი ვერ ხვდებოდნენ, რა ხდება. თუმცა, ამ ჯგუფს აქვს განათლება და ინფორმაციაზე წვდომა. მათი დუმილი არ არის დაბნეულობა — ეს არის ცნობიერი არჩევანი.
დუმილის შინაგანი ლოგიკა:
- უარი „ცუდსა და უარესს“ შორის არჩევანზე;
- ინსტიტუციური შიში (სამსახურის, სტაბილურობის დაკარგვა);
- პოზიცია, რომ ქვეყნის გადარჩენა სხვისი საქმეა;
- პოლიტიკის განხილვა ვიწრო პროფესიულ სფეროდ, რომელიც პირად ცხოვრებას არ უნდა ეხებოდეს.
მორალური ზეწოლა („მდუმარე თანამზრახველების“ იარლიყები) ამ დუმილს მხოლოდ აძლიერებს, რადგან ადამიანი თავს ბულინგის მსხვერპლად ან „გონიერ შუაშისტად“ აღიქვამს. მათი რეალური წითელი ხაზი არის იძულებითი თვითგანსაზღვრება — მათ აშინებთ რომელიმე ბანაკთან ასოცირება და შეცდომის დაშვება. ისინი ქუჩაში გამოდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც დუმილი იწყებს მათივე თვითიმიჯის შლას.
5. „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ“ — მერტონისეული რიტუალიზმი და დუმილის რაციონალიზაცია
ფრაზა „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, კაცო“ ქართულ რეალობაში პასუხისმგებლობისგან გაქცევის და დუმილის რაციონალიზაციის ყველაზე მავნე ფორმად იქცა. რობერტ მერტონის სოციალური ადაპტაციის მოდელში ამ ქცევას ზუსტი სახელი ჰქვია: რიტუალიზმი (Ritualism). ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანისთვის დიდი, კულტურული მიზნები (დემოკრატია, პროგრესი, განვითარება) აზრსა და ღირებულებას კარგავს, თუმცა ის აგრძელებს ბიუროკრატიული და ინსტიტუციური წესების ბრმა, მექანიკურ შესრულებას. დეფექტურ, ავტორიტარულ სისტემაში ეს ინდივიდუალური პროფესიონალიზმი ნეიტრალური ვერ იქნება — ის ან ემსახურება სისტემის შენარჩუნებას, ან სტრუქტურულად იშლება.
ა) ილუზორული პროფესიონალიზმი ჯანდაცვაში
ცუდი ჯანდაცვის ინსტიტუტების პირობებში ექიმის პროფესიული მიზანი (პაციენტზე ზრუნვა) სტრუქტურულად იშლება. მაგალითად, როდესაც სამინისტრომ შეწყვიტა ევროპული წარმოების მედიკამენტების შემოტანა იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის და ჩაანაცვლა არასერტიფიცირებული ინდური პრეპარატებით, პაციენტი გახდა სისტემური ექსპერიმენტის ნაწილი. ასეთ დროს, „უბრალოდ საქმის კეთება“ და რიტუალში გამოკეტვა რეალობისთვის თვალის არიდებაა.
ბ) „კარგი საქმე“ კონტროლის ქვეშ
თუ სისტემა გაძლევს საშუალებას „კარგი საქმე აკეთო“, მას ყოველთვის აქვს პოლიტიკურად განსაზღვრული ზღვარი. ამის მაგალითია ქართული ენის უფასო ონლაინ კურსი (UNDP-ის დაფინანსებით), რომლის პოპულარიზაციაც მალევე შეწყდა ხელისუფლების მხრიდან, რადგან მისი ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფი უკრაინელები იყვნენ. კარგი საქმე უბრალოდ გააჩუმეს.
არგუმენტის ნამდვილი შინაარსი: ფრაზას „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ“ ან „თუ მე წამოვალ, ჩემს ადგილს ქოცური კადრი დაიკავებს“ რეალურად ერთი შინაარსი აქვს: „მინდა მქონდეს შემოსავალი, არ მინდა უმუშევრად დარჩენა.“ ეს ბუნებრივი ადამიანური სურვილია, მაგრამ პოლიტიკურად ეს არის მექანიზმი, რომელიც ინსტიტუტებს შინაარსისგან ცვლის, თუმცა უნარჩუნებს ფუნქციონირების იმ მინიმალურ დონეს, რაც რეჟიმს ახანგრძლივებს.
6. ორმაგი სტანდარტები და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი
2016 წლიდან, მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ მეორედ მოიპოვა უმრავლესობა, მართვაში დამკვიდრდა საბჭოთა ტიპის ჩრდილოვანი პრაქტიკები. ამ რყევების პირველი შემგრძნობი საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ, რომელთაც რეფორმების მონიტორინგი ევალებოდათ.
მათ მკაფიოდ დაინახეს, რომ რეფორმები სრულდებოდა ტექნიკურად, მაგრამ ღირებულებითი საფუძვლის გარეშე. ამას დაემატა ექსპერტული წრეების დახურვა — ერთი და იგივე პირების ქსელური ლოიალობა, რამაც სისტემიდან გარედან მყოფი ნამდვილი პროფესიონალები განდევნა. კრიტიკის ნაცვლად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აირჩიეს მთავრობასთან ურთიერთობების „არ გაფუჭება“ და პრობლემების დახურულ წრეებში განხილვა.
რატომ დაიჯერეს „ჩუმად მყოფებმა“, რომ ყველაფერი კარგადაა: საერთაშორისო ორგანიზაციების სიჩუმემ და რბილმა ენამ რიგით მოქალაქეს მისცა ლოგიკური დასკვნა: „თუ მართლა კატასტროფაა, ისინი ხომ იტყოდნენ“. განგაშის არდარეკვამ ლეგიტიმაცია მისცა საზოგადოებრივ დუმილს და ავტორიტარული ტრაექტორიის ნორმალიზებას შეუწყო ხელი.
7. ორმაგი მორალი და „ჩემიანების“ კულტურა
საქართველოში მორალი ხშირად პრინციპებზე კი არა, ახლო ურთიერთობებზე დგას. თუ ადამიანი „ჩემიანია“, მის ქცევას (მაგალითად, სამსახურებრივ სექსუალურ შევიწროებას, რაც რეალურ ქეისში მოხდა) სხვა თვალით ვუყურებთ, ხოლო სხვისი იგივე ქცევა დაუნდობლად ისჯება. ახლო ურთიერთობები ხდება სივრცე, სადაც სიმართლე ყველაზე ნაკლებად ითქმის.
ამ კულტურაში გულწრფელობა ურთიერთობის დასასრულია, კრიტიკა მტრობად ითვლება, უთანხმოება კი — პერსონალურ ნგრევად. ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია პროფესიული უთანხმოების და პირადი ურთიერთობის გამიჯვნა. ამიტომ, საჯაროდ ვაკრიტიკებთ სისტემას, მაგრამ პირად სივრცეში მზად ვართ მოვერგოთ მას, თუ ეს ჩვენს წრეს არ ეხება.
8. მნიშვნელობის გაუქმება და საფრთხის ტრაექტორია
ავტორიტარული რეჟიმი შენდება თანდათან — დუმილის, ფორმალიზმისა და ორმაგი სტანდარტების ნარევით. დღეს საზოგადოებაში არსებობს კიდევ ერთი, ნაკლებად ხილული ჯგუფი — საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული ადამიანები, რომლებიც ვაკუუმში აღმოჩნდნენ.
ეს არ არის მხოლოდ სამუშაოს დაკარგვა; ეს არის მნიშვნელობის, როგორც კატეგორიის, გაუქმება. სისტემა, რომელიც სჯის კეთილსინდისიერებას და აჯილდოებს ლოიალობას, ამ ადამიანებს არჩევნის წინაშე აყენებს: ან ეთიკური კომპრომისი, ან სისტემის გარეთ, მხოლოდ ფიზიკური გადარჩენის (მეტაბოლურ) რეჟიმში ყოფნა.
დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც კორუფცია სისტემურად არის გამჯდარი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში (სადაც ბიზნესის კეთება ჩრდილოვანი კავშირების გარეშე შეუძლებელია და კომპანიები, რომლებიც „კარგ მორალს“ ასხივებენ, რეალურად რეჟიმთან აფილირებული პირებისაა), ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ბელარუსის ან ჩეჩნეთის მოდელს.
ევროპულ ვიზებზე წვდომის დაკარგვის საფრთხე აჩვენებს, რომ ჩვენი გარემო ობიექტურად იკუმშება. ეს არ არის დროებითი კრიზისი — ეს არის სისტემური გათიშვა იმ ინსტიტუციური სივრცისგან, რომლისკენაც წლების განმავლობაში მივდიოდით.
სწორედ აქ მთავრდება ყველას ალიბი: ფრაზა „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ“ სინამდვილეში ნიშნავს ისეთ პოზიციას, რომელიც საკუთარ თავზე იღებს სისტემის ტექნიკურ მომსახურებას, რათა არ შეიმჩნიოს, რომ მისი პროფესიული შრომა დიდი ხანია რეჟიმის გადარჩენის ინსტრუმენტად იქცა. დუმილი აღარ არის პირადი არჩევანი — ის კოლექტიური შედეგის თანამონაწილეობაა. და სანამ ამ რეალობას მხოლოდ „ლუზერების“ ძახილით ან მორალური განკითხვით ვუპასუხებთ, მექანიზმი, რომელიც პიროვნულ დაუცველობას პოლიტიკურ რესურსად აქცევს, უშეცდომოდ გააგრძელებს მუშაობას.ნდარტების ნარევით. დღეს საზოგადოებაში არსებობს კიდევ ერთი, ნაკლებად ხილული ჯგუფი — საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული ადამიანები, რომლებიც ვაკუუმში აღმოჩნდნენ.
ეს არ არის მხოლოდ სამუშაოს დაკარგვა; ეს არის მნიშვნელობის, როგორც კატეგორიის, გაუქმება. სისტემა, რომელიც სჯის კეთილსინდისიერებას და აჯილდოებს ლოიალობას, ამ ადამიანებს არჩევნის წინაშე აყენებს: ან ეთიკური კომპრომისი, ან სისტემის გარეთ, მხოლოდ ფიზიკური გადარჩენის (მეტაბოლურ) რეჟიმში ყოფნა.
დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც კორუფცია სისტემურად არის გამჯდარი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში (სადაც ბიზნესის კეთება ჩრდილოვანი კავშირების გარეშე შეუძლებელია და კომპანიები, რომლებიც „კარგ მორალს“ ასხივებენ, რეალურად რეჟიმთან აფილირებული პირებისაა), ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ბელარუსის ან ჩეჩნეთის მოდელს.
ევროპულ ვიზებზე წვდომის დაკარგვის საფრთხე აჩვენებს, რომ ჩვენი გარემო ობიექტურად იკუმშება. ეს არ არის დროებითი კრიზისი — ეს არის სისტემური გათიშვა იმ ინსტიტუციური სივრცისგან, რომლისკენაც წლების განმავლობაში მივდიოდით.
სწორედ აქ მთავრდება ყველას ალიბი: ფრაზა „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ“ სინამდვილეში ნიშნავს ისეთ პოზიციას, რომელიც საკუთარ თავზე იღებს სისტემის ტექნიკურ მომსახურებას, რათა არ შეიმჩნიოს, რომ მისი პროფესიული შრომა დიდი ხანია რეჟიმის გადარჩენის ინსტრუმენტად იქცა. დუმილი აღარ არის პირადი არჩევანი — ის კოლექტიური შედეგის თანამონაწილეობაა. და სანამ ამ რეალობას მხოლოდ „ლუზერების“ ძახილით ან მორალური განკითხვით ვუპასუხებთ, მექანიზმი, რომელიც პიროვნულ დაუცველობას პოლიტიკურ რესურსად აქცევს, უშეცდომოდ გააგრძელებს მუშაობას.

Comments
Post a Comment